მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალოვნების პენსიის განსაზღვრისას ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს - გიორგი კაკაურიძე

ჯარისკაცები

ძალოვნებისა და ომის ვეტერანების პენსიის ზედა ზღვრის განსაზღვრის ცვლილებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, 2024 წლის ბიუჯეტის წარდგენისას, დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ბიუჯეტის განხილვისას გენერალმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა დევი ჭანკოტაძემ მინისტრის მოადგილეს ჰკითხა: „ვფიქრობ, სამოქალაქო და სამხედრო პირების პენსიებს შორის განსხვავება უნდა იყოს. რამდენად იზრდება ძალოვნების და ვეტერანების პენსია?“

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატს განუმარტა, რომ ძალოვნების პენსია ინდექსაციაზეა მიბმული, თუმცა ზედა ზღვარი 560 ლარით არის განსაზღვრული და ამ წესში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ბატონო დევი, ძალოვნების პენსიაც მიბმულია პენსიის ინდექსაციაზე, თუმცა ძალოვნების პენსია დამოკიდებულია კონკრეტულ წოდებაზე, წელთა რაოდენობაზე. მხოლოდ ზედა ზღვარი არის 560 ლარი, რომლის ზემოთაც პენსიას ვერ იღებს ვერავინ. როგორც პენსია იზრდება, ავტომატურად მოქმედებს ეს ძალოვნების პენსიებზეც. ვმუშაობთ ამ საკითხზე. აქაც ინდექსაციის საჭიროება იქნება, რადგან აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ განსხვავება უნდა იყოს ჩვეულებრივ პენსიონერს და იმ პენსიონერს შორის, ვინც სამხედრო ვალდებულება შეასრულა და წლები იმსახურა პოლიციაში, ან ჯარში.

განსხვავება უნდა იყოს, თუმცა პენსიის ინდექსაციის დროს ეს განსხვავება ორმაგი იყო და რადგან ახლა მცირდება, ვთვლით რომ საჭიროა, ალბათ უნდა მოხდეს 560-ლარიანი ზღვრის ან ერთჯერადად აწევა, ან მისი ინდექსაციაც. ეს ორი თემაა და საბოლოო ვარიანტის მომზადებამდე ვიმუშავებთ. შესაბამისი გადაწყვეტილებები ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახება. ბიუჯეტის ბოლო ვარიანტი 30 ნოემბერს იქნება მომზადებული. ამ საკითხზე ვმუშაობთ “, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები