საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ შეუძლებელია, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული ადამიანი წაგებული იყოს და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული კანონი ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის შესახებ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
„კანონი 2018 წელს მივიღეთ. მანამდე, თითქმის 3 წელიწად-ნახევარი ვმუშაობდით ამ კანონის შექმნაზე, ევროკავშირის აქტიური ჩართულობით. მათ მოთხოვნაც ჰქონდათ, რომ ეს კანონი მიგვეღო და დახმარებაც ძალიან დიდი გაგვიწიეს. მსოფლიო ბანკის ექსპერტები წლობით იყვნენ აქ და ვმუშაობდით ამ საკითხზე. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ძალიან კარგი კანონი, ერთ-ერთი საუკეთესო ევროკავშირში და ზოგადად. ამის დამადასტურებელი იყო ისიც, რომ ხალხი გვენდო. აგიხსნით რას ვგულისხმობ: კანონი ითვალისწინებს ისეთ რამეს, რაც სხვაგან არსად არ არის - სახელმწიფოდან დაფინანსებას. კერძოდ, თუ კონკრეტული პიროვნება, რომელიც მუშაობს 2%-ს გადაიხდის, პირობითად ჩავთვალოთ, რომ ეს არის 100 ლარი, 100 ლარს უმატებს დამსაქმებელი და კიდევ 100 ლარს უმატებს სახელმწიფო და ეს ხდება 300 ლარი, უკვე მოგებულია. შემდეგ ხდება ამ თანხის ინვესტირება და კიდევ იგებს თანხას. ანუ რეალურად ადამიანი არ შეიძლება იყოს აქ წაგებული. ეს ხალხმა გაიგო, დაიჯერა და მეორე წელიწადს, როდესაც ეს კანონი მივიღეთ, დამატება დაგვჭირდა თანხის ნაწილის იმიტომ, რომ უფრო მეტი ხალხი დარჩა ამ სისტემაში, ვიდრე ველოდით“, - თქვა პაატა კვიჟინაძემ.