საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს - მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების მიზნით საპენსიო სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა. ღია კონკურსით 8 წევრი უნდა შეირჩეს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
კერძოდ, მმართველობითი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს სამი პროფესიონალი წევრისგან, რომელთაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი პოზიციისთვის საჭირო განათლება, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება. hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიაში აღნიშნულია, რომ წლიური თანამდებობრივი სარგო 190 000 ლარამდეა (საშემოსავლო გადასახადისა და დანამატების ჩათვლით).
ამასთან, კონკურსი გამოცხადდა ხუთი პროფესიონალი წევრის შესარჩევად, რომელთაც დამატებით უნდა ჰქონდეთ ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ათი წლის პროფესიული ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულების დირექტორად მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. ამ შემთხვევაში, წლიური თანამდებობრივი სარგო 250 000 ლარამდე (საშემოსავლო გადასახადისა და დანამატის ჩათვლით).
შრომითი ხელშეკრულების ვადა 5 წლამდეა განსაზღვრული. მსურველთა დოკუმენტების მიღება კი 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, "დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა სადავო ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. რის შედეგადაც, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს "საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა" უწოდა და "არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო". ამის შემდეგ კი კანონში ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევიდა ძალაში.