მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოხარული ვიქნები თუ საქართველოში ჩაიდება... ვთქვათ, ჰესები პენსიონერების იყოს - კვიჟინაძე საპენსიო დანაზოგზე

პაატა კვიჟინაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება საპენსიო დანაზოგის ინვესტირება ქართულ პროექტებში მოხდეს. როგორც კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რომელ პროექტებში ჩაიდება საპენსიო დანაზოგი და ანაკლიის პორტში ინვესტირებაზე საუბარი აბსურდია.

მისივე თქმით, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონი წარმატებულია.

„ანაკლიის პორტზე და სხვადასხვა რამეებზე იყო აქ საუბარი. დავიწყოთ იმით, რომ საბჭო წლის ბოლოს აირჩევა და მანამდე რაიმე თანხის გამოყოფა საერთოდ აბსურდულია. ამიტომ, რასაც საუბრობენ დღეს ვერანაირად ვერ მოხდება. მეორე, თანხები უნდა ჩაიდოს, საქართველოში იდება თუ საზღვარგარეთ, ისეთ ორგანიზაციებში, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგი საერთაშორისოდ ცნობილი კომპანიებისგან - Moody's, Fitch, S&P. ამას კანონი განსაზღვრავს, სადაც გინდა ვერ წაიღებ. თუ საქართველოში ჩაიდება, აქამდეც შეეძლოთ და აწიც შეიძლება, რომ ეს თანხები ჩაიდოს, ამიტომ კონკრეტულად ახლა, რომ გინდა თუ არა ანაკლია... ეს არის აბსურდი. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს [მმართველობითმა] საბჭომ. სად ჩადებს, მე არ ვიცი და არავინ არ იცის იმიტომ, რომ ეს საბჭოც არ არსებობს. პირადად ჩემი აზრი, თუ გაინტერესებთ, მოხარული ვიქნები თუ გარანტირებულ ობიექტებში საქართველოში ჩაიდება. ძალიან კარგია, რომ უცხოეთში იდება, მაგრამ საქართველომ მოიგოს ამ ფულით და პენსიონერების იყოს ვთქვათ, თუ მაგალითი გინდათ, ჰესები. ის ცნობილი ჰესები, რომლებზედაც მოსახლეობას აქვს პრეტენზია, რომ რატომ [უნდა ააშენონ] უცხოელებმა და ჩვენ ავაშენოთო“,- განაცხადა კვიჟინაძემ.

პარლამენტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტი საპენსიო სააგენტოში მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის იცვლება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა, უქმდება საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამჟამად მინისტრებით არის დაკომპლექტებული, ასევე უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო - ამ ორი საბჭოს ნაცვლად შეიქმნება ახალი საბჭო, რომელსაც მმართველობითი საბჭო ეწოდება და ის 9-15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. აღნიშნული საბჭოების წევრებს მთავრობა დაამტკიცებს, ნაცვლად საინვესტიციო საბჭოს წევრთა არჩევის არსებული მოდელისა, სადაც წევრებს პარლამენტი ამტკიცებს, ხოლო მათი მოხსნა იმპიჩმენტით არის შესაძლებელი. ახალ საბჭოში წევრთა მოხსნის უფლება არაჯეროვანი მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრს ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები