„ჩვენ სულ ყოველთვის ჩამორჩენილი ვიყავით, წლების მერე ვაკეთებდით იმას, რაც მაშინ უნდა გაგვეკეთებინა, როცა გასაკეთებელი იყო“, - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანაკლიის პორტის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციის ფორმატის მოსმენის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტით ჩინელი ინვესტორია დაინტერესებული.
„ამ წუთში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოთი და ბათუმი თავისუფლად აუდის და თუ მოდერნიზებას გავუკეთებთ, მომავალშიც შეიძლება ეყოს, მაგრამ თუ ჩვენთან წამოვა ჩინური ტვირთი, ეს სიტუაციას მთლიანად ცვლის. ტვირთის 5%-იც რომ წამოვიდეს ჩვენთან, ორი ანაკლიაც არ ეყოფა. ჩვენ ვსაუბრობთ პორტზე, აქ კიდევ ისე საუბრობენ, თითქოს კომპიუტერული ქარხანა იყოს. პორტზეა საუბარი, რომ იფუნქციონიროს. აქ კოლეგამ ისიც თქვა, რომ ჩვენ გეგმაში გვქონდა 2012 წელს გრანდიოზული, პორტის და ქალაქის აშენება. როგორ აშენებდნენ, საიდან მოჰქონდათ ეს ტვირთი? ან იმ ქალაქზე მინდა ვთქვა, დღეიდან დაიწყო ქალაქმა დაცლა? ეს დაიწყო 90-იანი წლებიდან. როგორ აშენებდნენ ნახევარ მილიონიან ქალაქს, არაქართველი მოსახლეობა უნდა ჩამოესახლებინათ, თუ სოფლები დაეცალათ?
ახლა რაც შეეხება ჩინეთთან დამოკიდებულებას, არავინ მალავს და პირადად მეც ვამბობ, რომ ჩვენი სტრატეგიული გეზი არის ნატო და ევროკავშირი. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის ვიყავით ჩამორჩენილი, წლების შემდეგ ვაკეთებდით იმას, რაც მაშინ უნდა გაგვეკეთებინა, როცა გასაკეთებელი იყო. მსოფლიოში ეკონომიკური სიდიდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს მსოფლიო ორგანიზაციები, ყველაზე სანდო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც. მინდა ვთქვა, რომ პროცესი მიდის და კი ბატონო, ჩვენ დასავლური კურსი კონსტიტუციაში გვიწერია, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ინდოეთს, ჩინეთს აქვთ ეკონომიკური ზრდა, ვიდრე სხვა ბევრ ქვეყანას. პორტს ხვალ ხომ არ ვაშენებთ? მე თუ მკითხავთ, იდეალური იქნება წილი ევროპის, წილი ამერიკის, წილი ჩინეთის, მაგრამ რეალური რაც არის, იმას უნდა შევხედოთ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.