კომპანია “დიოს” მმართველი პარტნიორი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს, რომელიც პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა [იანვარ-მარტში ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა, უშუალოდ მარტში ზრდა 10.7% იყო], სკეპტიკურად უყურებს.
“ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რომელ სექტორებში აკუმულირდება ეკონომიკური ზრდა”, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” და იქვე დასძინა, რომ მისი დაკვირვებით, რეალურ სექტორში, განსაკუთრებით მშენებლობასა და ტურიზმში, მაღალი ზრდის ასახვას ვერ ხედავს.
სად აკუმულირდება ეს ზრდა და რამდენად რჩება ეს ფული ქვეყანაში? - ეს ის ორი მთავარი კითხვაა რაზედაც თამაზ დაუშვილს პასუხები ყველაზე მეტად აინტერესებს.
„[ეკონომიკის ზრდის შესახებ] ციფრები, რა თქმა უნდა, გასახარია, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა, როგორ ხდება ეს და, ვთქვათ, სად აკუმულირდება აღნიშნული ზრდა. ჩემთვის ეს მართლაც ცოტა გაუგებარია, იმიტომ, რომ ჩემი და ჩვენი კოლეგა კომპანიების მაგალითზე, ვინც სამშენებლო სექტორში ვართ, არც შარშანდელი წელი და არც წლევანდელი არ გამოირჩევა რაიმე სახის ზრდით ან ბუმით.
ამიტომ საინტერესოა როგორ არის განაწილებული ეს ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა სექტორში. ბოლო პერიოდში დეტალურად არ გავცნობივარ, თუ კონკრეტულად რომელ სფეროებზე მოდის ის ან როგორ ხერხდება ამ მონაცემების მიღება, თუმცა ვიცი, რომ ძალიან დიდი შემოსავლები და ბრუნვაა IT სფეროში. ჩემი ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ საქართველოში ამ სფეროს, დაახლოებით, 24 000 წარმომადგენელი ჩამოვიდა, რომლებმაც, დაახლოებით, მილიარდი დოლარის ბრუნვის ანუ შემოსავლების გენერირება მოახდინეს. თუმცა არ ვიცი, ეს მხოლოდ რეგისტრაციაში ჩანს და თანხა რეალურად ეკონომიკას ხმარდება, თუ უბრალოდ მათ საბანკო ანგარიშებზე ილექება და შემდგომ ისევ უცხოეთში ირიცხება.
რამდენადაც ვიცი, არც ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი გაზრდილა დიდად. მშენებლობის სექტორზეც ვერ ვიტყვი, რომ სტაგნაციაშია, თუმცა არც ისეთი სტაბილურობაა, ზრდაზე რომ ვისაუბროთ. კარგი იქნება, ვნახოთ, რა ხდება ტელეკომუნიკაციებსა თუ ენერგეტიკაში… ტურიზმი არ იმატებს; მაქვს ინფორმაცია, რომ სასტუმროებს ნომრები ასეთი დაბალი ფასები აქამდე არ ყოფილა. არ ვიცი, სოფლის მეურნეობაში ან სხვა დარგებში რა ხდება… მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა”, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ როგორც რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში, საქართველოშიც ეკონომიკის ზრდა დიდწილად გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება.
“შესაძლოა, ზრდა, გარკვეულწილად, ტრანზიტის მიმართულებით ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნაწილობრივ ვუერთდებით საერთაშორისო სანქციებს, გარკვეულ სანქციებს არც ჩვენ, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი არ შევერთებივართ. შესაბამისად, შესაძლოა, საუბარი იყოს ლეგალური საქონლის ტრანზიტზე, რომელიც ახლა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ეს ტენდენცია ჩვენთანაც შეინიშნება და სომხეთშიც (შედარებით ნაკლებად აზერბაიჯანში), რადგან სომხეთი და საქართველო სწორედ ის ტრანზიტული ქვეყნებია, რომლებიც, ვთქვათ, თურქეთის გავლით ამ პროცესებში მონაწილეობენ.
ვფიქრობ, ზრდა კვების, კერძოდ კი სურსათის სექტორს ძალიან დაეტყო, რადგან ადამიანები პირველ რიგში, საკვებზე ხარჯების გაწევას არ ერიდებიან და, შესაბამისად, მოხმარება გაიზარდა. ამასთან, თუკი მოსახლეობა ჩამოსული უცხოელების ხარჯზე გაიზარდა, ბუნებრივია, სურსათზე მოთხოვნაც მოიმატებდა, რაც შემდგომ დღგ-ის კუთხით მაღალ ბრუნვაში აისახებოდა და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაში. ასე რომ, ეს საკითხი ნამდვილად დეტალურად არის შესასწავლი”, - განაცხადა ბიზნესმენმა.
თამაზ დაუშვილმა “წერტილთან” ინტერვიუში პირველ კვარტალში კომპანია “დიოს” გაყიდვებიც შეაფასა. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში გაყიდვების დინამიკაზე უარყოფითად იმოქმედა არატიპურად გაწელილმა ზამთრის სეზონმა და არამდგრადმა ამინდებმა, რამაც სეზონური პროდუქტების რეალიზაცია შეაფერხა.
ამასთან, ბაზარზე არსებული დროებითი შენელების მიუხედავად, კომპანია „დიო“ განვითარებასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. თამაზ დაუშვილის განცხადებით, კომპანია ამ პერიოდს ახალი წარმოებების ჩასაშვებად იყენებს.
წლის განმავლობაში „დიო“ მომხმარებელს რამდენიმე სიახლეს შესთავაზებს: “პლისე ჟალუზები - ახალი ტიპის ფარდა-ჟალუზების წარმოება უკვე დაწყებულია. ბაზარზე უახლოეს ორ თვეში გამოჩნდება ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზები და გარე დამცავი სისტემები. ასევე, წლის ბოლოსთვის იგეგმება სექციური ტიპის გარაჟის კარებების წარმოების დაწყება”.
გარდა ამისა, კომპანია აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და თამაზ დაუშვილის თქმით, უახლოეს თვეებში საზღვარგარეთის ბაზრებზე გასვლასაც აპირებს. ასევე, განიხილება ახალი საწარმოს გახსნის პერსპექტივაც, რაც დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული.
თამაზ დაუშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების ფონზე ბიზნესკლიმატი არ გაუარესდება, ლარის კურსი და ფინანსური მაჩვენებლები შეინარჩუნებს სტაბილურობას, ხოლო გარემო პროგნოზირებადი გახდება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესკლიმატი საქართველოში არ გაუარესდება... თითოეული ადამიანის ინტერესებშია, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს და არ დაზიანდეს,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.




























