მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემთვის უცნობია, რომ საქართველოში ბუნებრივი წყალბადის სერიოზული მარაგები არსებობს - არჩილ მამათელაშვილი

ენერგეტიკა

"ქართული ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ნავთობსა და გაზთან ერთად ბუნებრივი წყალბადის ძებნა/ძიების ოპერაციების განხორციელებაც შესაძლებელი გახდება.

„ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში ცვლილებებით, ინვესტორს შესაძლებლობა ექნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოქმედების ფარგლებში განახორციელოს არა მარტო ნავთობისა და გაზის ძებნა ძიების და მოპოვების ოპერაციები, აგრეთვე მას დამატებით მიეცემა უფლება ბუნებრივი წყალბადიც მოიპოვოს. ვინაიდან მოპოვებული ბუნებრივი წყალბადის მიმართ არ მოქმედებს ნავთობისა და გაზის სახელმწიფოსთან განაწილების ანალოგიური სქემა, მოპოვებული ბუნებრივი წყალბადი სრულად გადაეცემა ინვესტორს.

ამას გარდა, სახელმწიფოს, ნავთობის ეროვნული კომპანიის სახით, ასევე ექნება შესაძლებლობა აწარმოოს ნავთობისა და გაზთან ერთად ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები თავისუფალ სალიცენზიო არეალებში. კანონპროექტის ავტორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნას იმ არგუმენტით ხსნიან, რომ მაშინ როცა ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი აქტუალურია მსოფლიოში. საქართველოში, ამ ეტაპზე, ამ საქმიანობის განხორციელება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის გამო შეუძლებელია.

ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში კვლევა ძიების სამუშაოები იქნება ჩასატარებელი იმის დასადგენად, რა მოცულობის წყალბადის რესურსი შეიძლება არსებობდეს საქართველოში, ასეთის შემთხვევაში როგორც კომპანიებს ისე სახელმწიფოს სერიოზული ინვესტიციების განხორციელება მოუწევთ.

“იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მოხდება წყალბადი მოპოვება, რასაც ვერ დავადასტურებ რომ არსებობს, შესაძლებელია განხორციელდეს ექსპორტი, რადგან საქართველოში რთული იქნება მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, რადგან არსებული ინფრასტრუქტურა არ გამოდგება მისი მიზნებისთვის. მაგალითად, ჩვენ გვაქვს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი აირი, რომლის გამოყენებით შეგვიძლია მოვამზადოთ საკვები ან გათბობისთვის გამოვიყენოთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც ბუნებრივი აირისთვის არის წყალბადისთვის არ გამოდგება, რადგან წყალბადის მოლეკულა პატარაა, ინფრასტრუქტურა ვერ შეაკავებს მას და მიწოდება მოხდება ძალიან მაღალი დანაკარგებით, ამიტომ არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში ვერ გამოვიყენებთ. მომავალში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას დიდი დრო და ინვესტიციები დასჭირდება.

ვთვლი, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს კვლევა, რომ ზუსტად მოხდეს დადგენა, ბუნებრივი წყალბადის რა მოცულობებია ქვეყანაში. კვლევის შემდეგ უნდა მოხდეს მობილიზება ინვესტიციის, რომ მოხდეს მისი ამოღება. ნავთობის და გაზის მომპოვებელ დიდ, მულტინაციონალურ კომპანიებს აქვთ ტექნოლოგიები, რომლითაც ამას მოიპოვებენ. მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი ტიპის კომპანია საქართველოში ჯერჯერობით არ მუშაობს.

იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება ასეთი რესურსი, უნდა დააინტერესოს სახელმწიფომ ასეთი ტიპის კომპანიები, რომელსაც შესაბამისი ტექნოლოგია, გამოცდილება და ცოდნა აქვთ, მსგავსი სამუშაოები ჩაატარონ. ამას დიდი დრო დასჭირდება, ხვალ და ზეგ არ მოხდება, მაგრამ თუ არსებობს და მართლა დაიწყება რაღაც დროის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ჩემთვის უცნობია, რომ სერიოზული მარაგები არსებობს საქართველოში ბუნებრივი წყალბადის”,-აცხადებს არჩილ მამათელაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები