მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chevron-ი და Shell-ი ვენესუელაში ნავთობის მოპოვების პირველ მსხვილ კონტრაქტებს დადებენ

Chevron

ამერიკული ენერგეტიკული გიგანტები, Chevron-ი და Shell-ი ვენესუელასთან ნავთობის მოპოვების მასშტაბური ხელშეკრულებების გაფორმებისთვის ემზადებიან. როგორც ირკვევა, ეს იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი, რასაც კომპანიები და სახელმწიფო ქვეყნის ენერგოსექტორის რეაბილიტაციისკენ გადადგამენ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გარიგებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული $100-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის ნაწილია და ეფუძნება დელსი როდრიგესის ხელისუფლების მიერ იანვრის ბოლოს გატარებულ საკანონმდებლო რეფორმას, რომელიც უცხოურ კომპანიებს ოპერირების, ექსპორტისა და გაყიდვების კუთხით სრულ ავტონომიას ანიჭებს.

Reuters-ის ინფორმაციით, Chevron-მა და ვენესუელის ხელისუფლებამ ორინოკოს სანავთობო სარტყელში, კერძოდ Ayacucho 8-ის ზონაში პროექტ პეტროპიარის გაფართოებაზე პირობები უკვე შეათანხმეს. ამ ნაბიჯით ამერიკული ენერგოგიგანტი ვენესუელაში უმსხვილეს კერძო მწარმოებლად იქცევა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში Chevron-მა და სახელმწიფო კომპანიამ PDVSA-მ პეტროპიარის პროექტის ფარგლებში დღეში 90,000 ბარელი მძიმე ნავთობი მოიპოვეს, ახალი შეთანხმება კი მოპოვების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდასა და კომპანიისთვის სპეციალური საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

პარალელურად, Shell-მა ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებებს აღმოსავლეთ ვენესუელაში მდებარე კარიტოსა და პირიტალის საბადოების განვითარებაზე, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით. ამასთან, კომპანია გეგმავს ინვესტიციებს გაზის დამჭერი ინფრასტრუქტურის მშენებლობაშიც, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს გაზის უსარგებლო წვა და შესაძლებელი გახადოს მისი ექსპორტი მეზობელი ტრინიდადის გავლით.

ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა ისეთ საინჟინრო და სერვისულ გიგანტებთან, როგორებიც არიან Vepica, KBR-ი და Baker Hughes-ი.

ცნობისთვის, ვენესუელის ნავთობის სამინისტრო ამჟამად ყველა მოქმედი პროექტის გადახედვითაა დაკავებული და, არსებული ინფორმაციით, ეს პროცესი მარტის ბოლოსთვის დასრულდება. ოფიციალური კარაკასის განცხადებით, კონტრაქტები გაუუქმდებათ იმ პარტნიორებს, რომლებიც ვერ ასრულებენ დადგენილ საინვესტიციო გეგმებს, პრიორიტეტი კი ამერიკულ კომპანიებს მიენიჭებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები