ენერგეტიკულ სექტორში მორიგი მასშტაბური გარიგება შედგა - ამერიკული სანავთობო გიგანტის, Chevron-ის აქტივების ნაწილს კანადური კომპანია Canadian Natural Resources-ი 6.5 მილიარდ დოლარად იყიდის.
როგორც ცნობილია, გარიგების დასრულების შემდეგ, Chevron-ის ორი ნავთობმომპოვებელი საწარმო გასხვისდება, მათ სანაცვლოდ კი კომპანია ნაღდ ფულს მიიღებს, რომელიც აშშ-ის და ყაზახეთის მასშტაბით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
თავის მხრივ, კანადური კომპანია საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებას შეძლებს, ანუ გარიგება ორივე მხარისათვის სარგებლის მომტანი იქნება.
გარიგებაში ჩართულ მხარეებს რაც შეეხებათ, Chevron-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 270 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო კანადური კომპანიის შეფასება $77 მილიარდია, ეს $6.5-მილიარდიანი ტრანზაქცია კი მის მიერ განხორციელებული უმსხვილესი გარიგებაა.