მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ კომპანიებს შორის მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა დასრულდა. არბიტრების გადაწყვეტილებით, Chevron-ის მიერ ნავთობმომპოვებელი კომპანია Hess-ის შესყიდვა წესების დაცვით შედგა. აღნიშნული დავა Hess-ის პორტფელში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ აქტივს, გაიანაში მდებარე საბადოს უკავშირდებოდა, რომელიც ნავთობის წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია პლანეტაზე. შედეგად, Chevron-ი გაიანაში მდებარე საბადოს მეწილე გახდება.
გაიანაში, სადაც ნავთობის უდიდესი რეზერვები არის დადასტურებული, შავ ოქროს ჩინური CNOOC და ამერიკული Exxon Mobil-ი მოიპოვებენ, რომლებიც ამ პროექტში Hess-ის პარტიორები იყვნენ. საბადოში პირდაპირი კონკურენტის, Chevron-ის გამოჩენა Exxon Mobil-ის გუნდს არ მოეწონა, რის შემდეგადაც მენეჯმენტმა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. ამ ნაბიჯით Exxon-ს მისი პირდაპირი კონკურენტის ოპერაციების შეზღუდვა სურდა, რაც დროებით გამოუვიდა კიდეც. თავად Chevron-ის მიერ Hess-ის შესყიდვა კი სანავთობო ბაზარზე მიმდინარე კონსოლიდაციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ Exxon Mobil-ი და Chevron-ი უდიდესი ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიები არიან, რომლებიც გლობალურ რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ. საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის ტიტულს საუდის არაბეთის საკუთრებაში არსებული Saudi Aramco იკავებს, რომლის შეფასება $1.6 ტრილიონია. Exxon Mobil-ის შეფასება $468 მილიარდია, როცა Chevron-ის აქციონერები კომპანიას $260 მილიარდად აფასებენ.




























