ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება, ორმა მათგანმა კი შიმშილობა დაიწყო. როგორც BM.GE-სთან საუბრისას საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, 2 მაღაროელი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩართვის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობს.
„მივმართავთ მთავრობას ჩაგვსვას სამმხრივ კომისიაში, რათა ჩვენი პრობლემების შესახებ ვისაუბროთ და სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და კომპანიამ მოგვისმინონ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ამ მოთხოვნით დაიწყეს შიმშილობა. ველოდებით... პროტესტი უკიდურეს მდგომარეობაში გადადის“, - აღნიშნა მაღაროელმა.
ამასთან, დღეს ჭიათურის საკრებულოს სხდომას 2 მაღაროელი და 2 ჭიათურის მოსახლე დაესწრნენ და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ტარიელ მიქაცაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ განუმარტეს მათი მდგომარეობა.
„ჩვენ გვინდოდა რომ ამ სხდომაზე ყოფილიყო ჭიათურის დელეგატი პაატა კვიჟინაძე, თუმცა გვითხრეს, რომ მოუცლელობის გამო ვერ დაესწრება. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება, საკრებულოს სხდომაზე განვაცხადეთ, რომ ვითხოვთ სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფში ჩართვას, ხელფასების დარიცხვასა და ჭიათურის მაღაროების ნაციონალიზაციას. დაგვპირდნენ, რომ ჩვენს მოთხოვნებს გადასცემენ ცენტრალურ ხელისუფლებას და დაგვიბრუნდებიან პასუხით, თუმცა როდის - არ ვიცით“, - აღნიშნა ტარიელ მიქაცაძემ.
მაღაროელი იმასაც აცხადებს, რომ პროფკავშირების განცხადებით, ერთი თვის ხელფასები, რომელიც დასაქმებულებს უნდა დარიცხვოდათ, დღემდე არ ჩარიცხვიათ.