მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო

648880e798391
მარიამ ვარადაშვილი
13.06.23 18:57
734
ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ. მათმა ნაწილმა კი გუშინ შიმშილობაც დაიწყო. დღეს “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო.

“ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ათი ადამიანი შიმშილობს”, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კიდევ ერთი გაფიცული ტარიელ მიქათაძე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელფასის მატება და პირველ თებერვლამდე არსებული სამუშაო პირობების შენარჩუნება.

დღეს მოშიმშილეებთან ჭიათურის მერი გივი მოდებაძეც მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, სახელმწიფო დასაქმებულების ინტერესებს დაიცავს.

“ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო მედიატორი და გუშინ გვიანობამდე შეხვედრა მიმდინარეობდა. პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშრომელთა უფლებები დაცული იყოს. ჩვენი როლი უნდა იყოს ის, რომ საბოლოოდ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება მოხდეს”,-ამბობს ის.

“ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორის გიორგი ტატიშვილის თქმით, დასაქმებულებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ის იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგი შედეგს გამოიღებს და გაფიცულები პროტესტს შეწყვეტენ.

ამას გარდა, კომპანია ფინანსურად მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2023 წელს ექსპორტი კომპანიას საერთოდ არ ჰქონია. კერძოდ, კომპანიის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

ამის გამო კომპანიამ თანამშრომლების განახლებული პირობებით მუშაობა შესთავაზა:

1. ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება.
2. ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

ახალ პირობებს დასაქმებულები ეწინააღმდეგებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები