ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი ადამიანი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "მაღაროელი" ავრცელებს.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.
"დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება. პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება. დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა — ამჟამად შიმშილობს შვიდი ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი - მირზა ლოლაძე, გოგა აბესაძე, შავლეგ გოგსაძე. შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბ სარალიძე (ციხეში). ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი — იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო. შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე. თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!", - წერს "მაღაროელი".
მოვლენების ქრონოლოგია:
- 2024 წლის ნოემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა, თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა;
- 2025 წლის თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა.
- 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები დაიწყეს. ძირითადი მოთხოვნები: კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის [ჯორჯიან მანგანეზის] ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა; მთავრობის მიერ მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია; ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდება.
- 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, გადაწყიტა მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოების აღარ განეახლებინა. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“;
- 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება;
- პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.
- 19 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც ეკონომიკის, ჯანდაცვის, იუსტიციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების და მთავრობის წარმომადგენელთან ერთად პროფკავშირებიც მონაწილეობდნენ.
- 25 მარტს მაღაროელებმა საპროტესტო აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. მთავარი მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. დედაქალაქში პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. ამავე დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროფკავშირებს უნდობლობა გამოუცხადეს. კომისიის მუშაობის შედეგად დასაქმებულებს 2 თვის ხელფასის 60% დაერიცხათ.
- 16 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად შეჯერდნენ, რომ კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა. მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო.
- 22 მარტს კომპანიაში განაცხადეს, რომ მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და რეორგანიზაციის პროცესს სამთო-მომპოვებელი კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებდა.
- 23 მარტს კი "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" რეორგანიზციის დაწყების შესახებ განაცხადა და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გამოაქვეყნა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება კომპანიას პროფესიული კავშირებისთვის არ გაუგზავნია და მათთვის უცნობია კომპანიის კონკრეტული გეგმების შესახებ. გაერთიანება კომპანიას კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის გარეშე მოქმედებისკენ მოუწოდებს.
- კომპანიამ 19 მაისის საღამოს განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ის პირები, რომლებთანაც რეორგანიზაციის პროცესში შრომითი ურთიერთობების გაგრძელება ვერ მოხერხდა, საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლებად განიხილებიან.



























