მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭიათურაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნება ჯგუფი - სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილება

სამმხრივი კომისია

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს 19 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს, მაქსიმალურად, უმტკივნეულო გადაწყვეტილებას.

"კომისიის წევრების განცხადებით, პროცესში, გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ასევე - დამსაქმებელთა ინტერესები. სხდომაზე, აღინიშნა, რომ არასწორი მოლოდინების შექმნა დააზიანებს და კიდევ უფრო გაართულებს პროცესებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.

7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება.

პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება.

პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები