მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა საკითხები დააყენა ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით პროფკავშირებმა სამმხრივი კომისიის სხდომაზე?

პროფკავშირები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე ჭიათურაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი დააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„კომისიაზე გაერთიანებამ დააყენა ჭიათურაში არსებული მდგომარეობის შესწავლის საკითხი.

პროფკავშირები მოვითხოვთ შემუშავდეს ჭიათურის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების მყარ გარანტიებს, ხოლო მითითებული საკითხის გადაწყვეტამდე კატეგორიულად ვაყენებთ საკითხს, რომ დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ კოლექტიური ხელშეკრულებით დადგენილი წესით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 60%-ის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევა. ამასთან, აუცილებელია ბანკებთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება დასაქმებულთა საკრედიტო ვალდებულებების ტვირთის შემსუბუქების მიზნით“, - აცხადებენ პროფკავშირში.

მათივე ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, პროფკავშირების და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ პროფკავშირები აგრძელებს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, რის შედეგადაც ამ ეტაპზე შეფერხებულია კომპანიის მიერ ინიციირებული გაკოტრების შესახებ საქმის წარმოება სასამართლოში.

ცნობისთვის: ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.

7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება.

პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება.

პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის განცხადება დაახარვეზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები