ჭიათურის მაღაროელები კომპანიის მიერ რეორგანიზაციის დაწყებას უკანონოს უწოდებენ და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. ამის შესახებ მაღაროელების უფლებების დამცველის, იურისტის ვახტანგ ნაცვლიშვილის საგანგებო განცხადება „მაღაროელის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
„მაღაროელებო, ვინც ჩვენთან, საპროტესტო კარავში ხელი მოაწერეთ უკანონო რეორგანიზაციის წინააღმდეგ - ჩვენ დავიწყებთ იურიდიულ დავას, რომლითაც დავუპირისპირდებით უკანონოდ და უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას და მასობრივ დათხოვნას.
თითოეულ თქვენგანს დაგიკავშირდებით და გეტყვით, რა დაგვჭირდება თქვენგან!
მაღაროს ყველა თანამშრომელს დაბეჯითებით და დარწმუნებით გეუბნებით, რომ თქვენ ჯერ არ ითვლებით სამსახურიდან გათავისუფლებულად და კომპანია ვალდებულია, გადაგიხადოთ შეთანხმებული ხელფასი.
როგორც აქამდე ვაიძულეთ კომპანია, გადაეხადა ორი თვის ხელფასი;
როგორც აქამდე ვაიძულეთ კომპანია უკან წაეღო ლიკვიდაციის და მიწისქვეშა მაღაროების სრული დახურვის გადაწყვეტილება;
როგორც აქამდე ვაიძულეთ კომპანია, დაერღვია თავისივე დაწერილი წესები და შვიდპუნქტიან განცხადებაზე უარი ეთქვა;
ასეთივე ერთიანობით და ერთობით ვაიძულებთ გადაგვიხადოს ხელფასები და უარი თქვას უკანონოდ მიმდინარე მასობრივ დათხოვაზე.
ჩვენ ზურგს არ გვიმაგრებს პროფკავშირი - პროფკავშირს 24 აპრილის შემდეგ ჭიათურის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს - მაგრამ ჩვენ გვყავს ერთმანეთი და ჩვენ გვყავს 4 საერთო პატიმარი, რომლებსაც სამართლიანი ბრძოლის გამო 4-დან 9 წლამდე უპირებენ ციხეში დატოვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე BM.GE-ისთან ამბობს, სამართლებრივი ბრძოლის დაწყების შესახებ დეტალები 9 მაისს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე გახდება ცნობილი. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის მიერ დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესის წინააღმდეგ განაცხადს 1400-1500 ხელმოწერა აქვს და ყველა მათგანი მაღაროელია.
ამავე დროს კომპანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობასთან არსებულ სამმხრივ სამუშაო ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჭიათურის საწარმოები ამუშავდება რეორგანიზაციის გეგმით, რაც თანამშრომლების განახლებულ საშტატო სტრუქტურაში ხელახლა დასაქმებას ითვალისწინებს.
“კომპანია ახლიდან დაასაქმებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რეორგანიზაციის პროცესში.
მუშაობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყოველდღიურ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა და დეტალური ინფორმაციის მიღება უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტისგან.
კომპანია გეგმავს სწრაფად დააკომპლექტოს ყველა ობიექტი და ეტაპობრივად ამუშავდეს. 15 მაისიდან სამუშაოები დაიწყება მღვიმევის მაღაროზე, რასაც მალევე მოჰყვება დარჩენილი ობიექტები”, - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ რეორგანიზაციის დაწყების შემდეგ სამმხრივ კომისიაში ჩართული პროფკავშირები აცხადებდნენ, რომ კომპანიის მხრიდან რეორგანიზაციის დაწყება პროფკავშირს პოსტფაქტუმ ეცნობათ.
გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის პუნქტების ნაწილის შესახებ პროფკავშირი ინფორმაციას არ ფლობს. კონკრეტული საკითხები კი შესწავლას საჭიროებს.