მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის მაღაროელები საპროტესტო აქციას პარლამენტთან გამართავენ - რა მოთხოვნა აქვთ მათ?

649002fa35f6a
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.23 11:42
640
„დღეს ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს, მოვდივართ ჭიათურიდან“, - ამ განცხადებას „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის მაღაროს დასაქმებულები Facebook-ზე შექმნილ გვერდზე „მაღაროელი“ აქვეყნებენ.

ჭიათურის მაღაროელების საპროტესტო აქცია გრძელდება და აქციის მონაწილეთა წარმომადგენლის განცხადებით, მაღაროელების პროტესტი თბილისში გადმოინაცვლებს. დღეს 16 საათიდან 40 მაღაროელი დედაქალაქში პარლამენტის წინ შიმშილობას დაიწყებს. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ FACEBOOK-ზე ლაივჩართვისას განაცხადა.

„ჩვენ გადავდივართ იმ გეგმებზე, რაც დასახული გვქონდა. დილის საათებში მოვაწესრიგებთ ტექნიკურ მხარეს და პროტესტის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა - მაქსიმუმ 40 ადამიანი თბილისში წავალთ. იქ არა კომპანიის სათავო ოფისთან, არამედ პარლამენტის წინ დავიწყებთ შიმშილობას და მშვიდობიან პროტესტს, რომ იქიდან მთელმა მსოფლიომ ნახოს, რა მდგომარეობაშია ჭიათურელი მაღაროელი და ზოგადად, საქართველოში დასაქმებული. მე ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, უნდათ ჩვენთან შემოერთება, მათ ვინც დასაქმებულია და ჩვენსავით მონურ პირობებში მუშაობს. ვისაც პირველი მუხტი სჭირდება, რომ იქცეს უზარმაზარ კოცონად და ეს პირველი ნაპერწკალი ჭიათურიდან დაიწყება. ჩვენ დიდხანს ველოდით, რომ კომპანია და სახელმწიფო გონს მოგებულიყვნენ, კარგად უნდა გაეცნობიერებინათ იმ პრობლემების შინაარსი, რასაც ჩვენ ვთხოვდით, მაგრამ მათ დამცინავი პასუხები ჰქონდათ, როგორც კომპანიას, ასევე მთავრობას. ამიტომ ერთი რამ დაგვრჩენია ჩვენი მომდევნო ნაბიჯები სწორად გადავდგათ. თბილისში თქვენ მონურ გარემოში მომუშავე ადამიანებს იხილავთ, ვინც ჩვენ დაგვიჭერთ მხარს.

აქ ვინც დარჩება, იციან როგორც უნდა იმოქმედონ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში. როგორ უნდა დაგეგმონ ჭიათურის გადარჩენის გზები. 10-20-30 ადამიანი არაფერს ნიშნავს, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ მრავალსაათიანი მედიაციის პროცესის შემდეგ ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 18 ივნისს, კომპანიის მენეჯმენტის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა. დასაქმებულთა მოთხოვნის გათვალისწინებით კომპანიამ 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნების, პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-იანი ზრდის და მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ხელფასის ეტაპობრივად ზრდის მზაობის შესახებ, ასევე კომპანიაში აუდიტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთანავე კომპანია მზად იყო ერთობლივი სამუშაო კომისია შეიქმნას, რომელშიც ყველა მხარე ჩაერთვებოდა. კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან. ასევე კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.

კომპანიის ამ განცხადებისა და მაღაროელების მიერ პროტესტის თბილისში გადმოტანიდან გამომდინარე bm.ge-ი დაინტერესდა თუ რას ითხოვენ ამ ეტაპზე მაღაროელები და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს თეიმურაზ სურამელაშვილს მიმართა. მისი თქმით, მაღაროელების 14-პუნქტიანი მოთხოვნიდან ყველა შესრულებულია, გარდა ერთისა, რომელიც ხელფასების მატებას გულისხმობს.

თეიმურაზ სურამელაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად პროტესტის მონაწილეების ხელფასების 40%-იანი ზრდას ითხოვდნენ, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მოთხოვნა 20%-მდე შეამცირეს, კომპანია კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელფასო ანაზღაურების მხოლოდ 5%-ით გაზრდა შეუძლია.

„ამ ეტაპზე დასაქმებულები ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვენ, სადაც კომპანიის მხრიდან წლის დასაწყისში ისედაც ხელფასების 5%-ით გაზრდის ვალდებულებაც შედის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეები თანხმდებიან 15%-იან ზრდაზე. დასაქმებულთა ეს მოთხოვნა საკვანძოა“, - ამბობს თეიმურაზ სურამელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები