ჭიათურის მაღაროელები დამსაქმებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. ამის შესახებ #რედაქტ2-ში მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.
2 კვირაა ჭიათურაში მოსახლეობისა და მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი კომპანიისგან ხელფასის 60%-ის დარიცხვას და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. „ჭიათურა მენეჯმეტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით მიწისქვეშა სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და მუშაობს იმაზე, რომ დასაქმებულებს დავალიანება და კომპენსაცია გადაუხადოს, რათა ისინი საბოლოოდ გაათავისუფლოს.
მაღაროელი და პროტესტის მონაწილე ტარიელ მიქაცაძე განმარტავს, რომ სარჩელის მოსამზადებლად იურისტებთან ერთად მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, ხოლო რომელი კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზის“ თუ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიმართ ექნებათ დასაქმებულებს სამართლებრივი დავა, ამას პროფკავშირებიდან და კომპანიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლა განაპირობებს.
„ჩვენ უკვე დავუკავშირდით იურისტებს, გავიარეთ ეს საკითხები, გამოვითხოვეთ როგორც პროფკავშირებიდან, ასევე ვეცდებით გამოვითხოვოთ კომპანიიდან ის იურიდიული დოკუმენტები, როგორიც არის კოლექტიური ხელშეკრულება, ინდივიდუალური ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც 2024 წლის პირველი ნოემბრიდან პირველ მარტამდეა დადებული, ვეცდებით გავიგოთ რა ლიცენზიის ქვეშ მოქმედებს და რის უფლება აქვს კომპანიას - ამ ინფორმაციის შესაბამისად, ხელფასის ნაწილში დავიწყებთ სარჩელის შეტანას. შეიძლება კომპანიას გაუხარდეს, რომ ეს თვეებს მოიცავს და მათთვის წაგებიანი არ იქნება, მაგრამ მინდა აქაც გავუცრუო მათ იმედები და ვთქვა, რომ შრომის კოდექსი ავალდებულებს დამსაქმებელს, თუ დათქმულ დროს არ იქნება გადახდილი თანხა 0.07% უნდა გადაიხადოს ყოველდღიური გადაცილებული დღისთვის, ეს შეიძლება ერთი ადამიანისთვის ბევრს არ წარმოადგენდეს, თუმცა 3 400 დაზარალებულისთვის და მით უმეტეს 2 და 3 თვით დაგვიანებული ხელფასისთვის ძალიან დიდი თანხაა, მით უფრო თუ კომპანია მომავალი 2-3 თვე კიდევ არ აპირებს ხელფასების გადახდას. აუცილებლად ჩვენს კუთვნილ 60%-ს ვითხოვთ.
რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, ამ თემას იურისტთან ცალკე განვიხილავთ, აქ განიხილება როგორც კომპენსაცია, ასევე სტაჟის და დამსახურების მიხედვით და ბევრი მდგენელია...
სარჩელის შეტანა დამოკიდებულია იმ დოკუმენტების მოწოდებაზე, რომელიც მე ჩამოვთვალე. ამის შემდეგ ხალხის ხელმოწერით სარჩელს მყისიერად შევიტანთ და კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება ხელფასისა და კომპენსაციების საკითხზე. ეს სხვადასხვა მხარეა. არავინ იფიქროს რომ ეს ერთი და იგივეა. კომპენსაციის საკითხში ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს კომპანიას, ხელფასის ანაზღაურებები კი უფრო სწრაფად მოგვარებადი საკითხია“, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა.
კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.
7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.




























