ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.
მისი შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვის, უცხოელი ინვესტორის არარსებობისა და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელობის შეცვლის შემდეგ, ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს. ის მიიჩნევს, რომ 3 წლის განმავლობაში ჩინურმა მხარემ რეალურად რუსეთის დაკვეთა შეასრულა, რის გამოც პორტი უცხოელი პარტნიორის გარეშე დარჩა.
„ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს, ფაქტობრივად, მოგვატყუეს. 3 წლის განმავლობაში შეასრულეს რუსეთის დაკვეთა და ანაკლიის პორტი უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ გამოგვიცხადა, რომ თურმე ანაკლიის პორტს თავად ააშენებს. აშენება არის მარტივი, ამის მართვაა ძალიან ძნელი. აქ ფულში არ არის საქმე, 600 მილიონი ჯდება ანაკლიის პორტი, ზუსტად იმდენი, რამდენიც დაჯდა გუდაურის შემოსავლელი, 22-კილომეტრიანი გზა და ცოტათი მეტი ღირს ანაკლიის აშენება, ვიდრე იმ რაღაც სტადიონის აშენებას რომ აპირებენ აეროპორტის გზაზე.
აქ ფინანსები კი არ არის მთავარი, მთავარი არის სამომავლო სიცოცხლისუნარიანობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვის, უცხოელი ინვესტორის არარსებობისა და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელობის შეცვლის შემდეგ, ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს. აი აქამდე მიგვიყვანა ამ ხელისუფლებამ. „ოცნების“ მთავრობამ ჩაიდინა დანაშაული, უღალატა ხალხს და ამ დანაშაულის გამო იგი აუცილებლად აგებს მომავალში პასუხს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებსა და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს. შესაბამისად, პროექტში აღარ იქნება ჩართული კერძო სტრატეგიული ინვესტორი და არც ჩინური CCCC, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ იყო შერჩეული. მინისტრის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.1 მილიარდი დოლარია, ხოლო ახალი მოდელის პირობებში სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება მოუწევს. დაფინანსება განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. ამასთან, კერძო კომპანიები საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებში განახორციელებენ ინვესტიციებს და პორტში მოიჯარე-ოპერატორების სტატუსით იფუნქციონირებენ.
ანაკლიის პორტის განვითარების მოდელი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, 2014-2016 წლებში, პროექტი სრულად კერძო ინვესტორს უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2022 წელს მთავრობამ ახალი მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პორტის 51%-იან, ხოლო კერძო ინვესტორი 49%-იან წილს ფლობდა. ამ მოდელის ფარგლებში 2024 წელს უპირატეს მონაწილედ ჩინური CCCC დასახელდა, თუმცა მასთან შეთანხმება ვერ შედგა. 2026 წლის 6 ივლისს კი მთავრობამ მესამე მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტი სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და „ლენდლორდის“ პრინციპით განვითარდება.




























