ტაილანდში საკურორტო სეზონზე ჩინეთის და ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აღარ გავრცელდება. ტურიზმზე დამოკიდებულმა ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკის გაძლიერების მიზნით მიიღო.
როგორც ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა სრეტა ტავისინმა ოთხშაბათს კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, ჩინელი და ყაზახი ტურისტები ტაილანდში უვიზოდ მოგზაურობას 2024 წლის 25 სექტემბრიდან ამავე წლის 29 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ.
ტურიზმის მინისტრის სუდავან ვანგსუფაკიჯკოსოლის განცხადებით, დროებითი უვიზო მიმოსვლით ქვეყანა დამატებით ხუთ მილიონ ვიზიტორს მიიზიდავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ მიზანი დაისახა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კვლავ პანდემიამდელ ნიშნულამდე გაზარდოს. ტაილანდის ხელისუფლებას გეგმაში აქვს 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 118 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ჩინელი მოგზაურები კი ქვეყანას, ამ შედეგების მიღწევის ერთ-ერთ მთავარ გზად ესახება. ამავდროულად, უფრო და უფრო მეტი ყაზახი ტურისტი სტუმრობს ტაილანდს. ყაზახეთის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ტაილანდში ყაზახი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.
სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მაგალითად 2023 წელს ტაილანდმა 18 მილიონ 500 ათასს უცხოელ დამსვენებელს უმასპინძლა. ქვეყნის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით კი 11 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 775 მილიარდი ტაილანდური ბატი შეადგინა.
ტაილანდის პრემიერის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის ვიზიტორებს კვლავ ემუქრება ძვირად ღირებული და შრომატევადი სავიზო პროცესი, რომელიც როგორც პრემიერი ამბობს, ტაილანდში ტურიზმის მაჩვენებლის ზრდას აფერხებდა.
ტაილანდი, რომ ტურისტული სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება ამას მოწმობს პრემიერის მიერ გამართული შეხვედრები ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ტურიზმის გასაძლიერებლად სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს. მაგალითად ტაილანდის აეროპორტები, აქტიური სეზონის დასაკმაყოფილებლად, ფრენების სიხშირეების 20%-ით გაზრდას ისახავენ მიზნად.
ტაილანდის ხელისუფლების აზრით, ქვეყანა 2024 წელს რეკორდულ - 40 მილიონ ვიზიტორს მიიზიდავს. ამ რაოდენობაში პანდემიამდე ჩინელი ტურისტების წილი თითქმის მესამედს შეადგენდა - სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანა ტურიზმის აღდგენის კუთხით იმედებს სწორედ ჩინეთზე ამყარებს.