Reuters-ის ინფორმაციით, ჩინური Manus-ის პირველადი ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ამ სტარტაპის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტისგან, Meta-სგან უკან გამოსყიდვას $2 მილიარდად გეგმავენ.
როგორც ირკვევა, დასახელებული გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლების ბრძანების პირდაპირი შედეგია, რომელიც კომპანიებს შორის მანამდე შემდგარი გარიგების გაუქმებას მოითხოვს. აღნიშნული ნაბიჯი პეკინის მხრიდან უცხოურ ინვესტიციებსა და ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრების ნაწილია. თანაც, გასაგები მიზეზებით, სი ძინპინს არ სურს, რომ ჩინური სტარტაპი ამერიკულმა გიგანტმა შეისყიდოს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სტარტაპის დამფუძნებლები ამჟამად გარე ინვესტორებისგან დაახლოებით $1 მილიარდის მოზიდვის შესაძლებლობებს განიხილავენ, რათა გამოსყიდვის პროცესი სრულად დააფინანსონ. პარალელურად, ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ Meta-ს მიერ კომპანიის შეძენა არღვევდა ეროვნული უსაფრთხოების ნორმებს, რის გამოც Manus-ის ორ დამფუძნებელს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება უკვე აეკრძალა. ს
აყურადღებოა, რომ თავად Meta-მ და Manus-ის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა კორპორაციამ სინგაპურში ბაზირებული Manus-ის შეძენის შესახებ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, რათა საკუთარ პლატფორმებზე ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ფუნქციები დაენერგა. ამ ჩინური ფესვების მქონე სტარტაპის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ადამიანის მინიმალური ჩართულობით რთული სამუშაო დავალებების დამოუკიდებლად შესრულება შეუძლია.




























