აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შორის, რაც "ქართულმა ოცნებამ" დასავლურ კურსზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს ასახელებს.
როგორც მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, პორტის განვითარებაში ჩინეთი არ უნდა იყოს ჩართული.
"[სანქციებს] განვიხილავთ, მაგრამ საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს“,- აღნიშნა ო'ბრაიენმა და შემდეგი ნაბიჯები დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გადადგას:
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე;
- ნებისმიერი “გამჭვირვალობის” მოთხოვნების შექმნა, რომელიც მათ სურთ ამ “უცხოური აგენტების” კანონით, მაგრამ მისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და არა რუსულ კანონთან შესაბამისობა.
- ჩინეთი არ იყოს ჩართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში.
29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში საბოლოო წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა [China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური)] ჰოლდინგმა წარადგინა. პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში 51%-იანი წილი ექნება სახელმწიფოს, 49%-იანი წილი კი საერთაშორისო კონკურსით გამოვლენილ ინვესტორს. ამასთან, პროექტის განვითარებისთვის ინვესტირების მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტორს ეკისრება.