მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები გააორმაგა, ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება დააწესოს საპასუხო ტარიფები ამერიკისთვის გარკვეული სახის საქონელზე.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება - ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფი კი დაწესდება: სოიოზე, ღორის და საქონლის ხორცზე, წყლის პროდუქტებზე, ხილზე, სორგოზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.
„დავადგინე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ არ გადადგა ადეკვატური ნაბიჯები უკანონო ნარკო კრიზისის შესამსუბუქებლად და რომ 14195 აღმასრულებელი ბრძანებით აღწერილი კრიზისი არ შემცირებულა“, - აღნიშნულია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.




























