მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი და სომხეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი ფაშინიანი

ჩინეთი და სომხეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი შეთანხმება ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შედგა. „შეხვედრის შემდეგ მხარეებმა სომხეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს, რის შესახებაც ერთობლივი განცხადება მიიღეს“, - იტყობინება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური. ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობს.

როგორც მედია წერს, შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მეცნიერების, განათლების, კულტურის, ტურიზმის, ინფორმაციისა და მეტროლოგიის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ფაშინიანმა დაადასტურა სომხეთის სურვილი, შეუერთდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას.

სომხეთის მთავრობის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „უპირობოდ უჭერს მხარს სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სომხეთის მთავრობის პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და რეგიონული საკომუნიკაციო გზების განბლოკვას“.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერას. "ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, სომხეთი ეწინააღმდეგება „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ნებისმიერ ფორმას", - ნათქვამია სომხეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მომზადებულ ერთობლივ განცხადებაში.

თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და აზერბაიჯანის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ცნობისთვის, სი ძინპინმა ტიანძინის სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც ფაშინიანთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები