საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკის და დარღვევებზე გამოძიების მოწოდების პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და “ქართულმა ოცნებამ” ამ დროისთვის სულ რამდენიმე სახელმწიფოს: უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ლიდერის ოფიციალური მილოცვა მიიღო. არჩევნებში გამარჯვება საქართველოს მთავრობის მეთაურს მიულოცეს ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმაც. ამასთან, ჩინეთი მიიჩნევს, რომ საქართველოში არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, ვენესუელას პრეზიდენტი კი "ქართული ოცნების" გამარჯვებას სამაგალითოს უწოდებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
პირველი და ერთადერთი ევროპელი ლიდერი, ვინც "ქართულ ოცნებას" მიულოცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია, რომელმაც სოციალურ ქსელში მილოცვა ჯერ კიდევ ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე დაწერა.
Congratulations to Prime Minister @PM_Kobakhidze and the Georgian Dream party on their overwhelming victory at the parliamentary elections today. The people of #Georgia know what is best for their country, and made their voice heard today!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 26, 2024
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“ - დაწერა მან.
ამასთან, ორბანი მილოცვით არ შემოფარგლა და 28 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ ფონზე ორბანის ვიზიტს მოჰყვა შეფასება, რომ ამ ვიზიტით ის მხოლოდ უნგრეთის პოზიციას წარმოადგენს და არა ევროკავშირის.
ორბანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა და ურჩია, ევროპას ყურადღება არ მიაქციოს, რადგან იქ „კამათი სულ იქნება“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
27 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა და აზერბაიჯანში მიიწვია. შესაბამისი წერილი პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ძვირფასო ბატონო პრემიერო, გულითადად გილოცავთ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი.
მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გამოვთქვამ რწმენას, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის პირობებში, და ჩვენი ქვეყნების პოზიციების შემდგომ გაძლიერება სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიაში.
ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით შესაბამის დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობის, ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ ამის შემდგომაც ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთსასარგებლო საქმიანობის წარმატებით გაგრძელების მიმართულებით.
ჩემს საუკეთესო სურვილებს გადმოგცემთ, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მეგობარ საქართველოს ხალხს“,- აღნიშნულია ალიევის მილოცვაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
27 ოქტომბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას – სომხეთისა და საქართველოს მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“,- დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას - 🇦🇲 და 🇬🇪 მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) October 27, 2024
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიულოცა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში BM.GE-ის განუმარტეს, საქართველოს პრემიერმა თურქეთის პრეზიდენტისგან მისალოცი წერილი მიიღო.
“გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობა და ბედნიერება”, - აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ჩინეთი
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩინეთის მხრიდან ოფიციალურ მილოცვაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ჯიანმა განაცხადა, ჩინეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა და მზადაა იმუშაოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის.
ვენესუელა
"ქართული ოცნების" გამარჯვებას სამაგალითოს უწოდებს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. აღსანიშნავია, რომ თავად მადუროს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ აღიარებენ პრეზიდენტად, მიმდინარე წელს გაყალბებული არჩევნების გამო, რომელმაც ვენესუელაში არეულობა გამოიწვია.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო აშშ-სთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. იქ ძალიან დაქვემდებარებული მთავრობა იყო, თუმცა წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება. გასულ კვირას მათ საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება მოიპოვეს",- განაცხადა მადურომ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
29 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა და ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარე, შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მიულოცეს.