გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და საზღვაო მარშრუტების არასტაბილურობის ფონზე, ჩინეთი აქტიურად ახდენს საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას და აქცენტი სახმელეთო გზებზე, განსაკუთრებით შუა დერეფანზე გადააქვს.
როგორც "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში" აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ შუა დერეფნის წილი ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო სარკინიგზო გადაზიდვებში ჯერ კიდევ მცირეა და 2025 წელს 2.2%-ს შეადგენდა, მასზე ტვირთნაკადის ზრდის დინამიკა საკმაოდ მაღალია. 2026 წელს დერეფნის მონაწილე ქვეყნების მიერ იგეგმება 600 ბლოკმატარებლის გატარება, რაც საერთო წილს 2.5%-მდე გაზრდის, ხოლო 2030 წლისთვის სტრატეგიულ მიზანს ამ მაჩვენებლის 5%-მდე გაზრდა წარმოადგენს, რაც წელიწადში 1 200-დან 1 500-მდე ბლოკმატარებლის გატარებას გულისხმობს.
შუა დერეფნის დინამიკა და ზრდის პოტენციალი
შუა დერეფნის სახმელეთო მარშრუტი ჩინეთიდან 4 250 კილომეტრის სიგრძის რკინიგზის ხაზსა და 500 კილომეტრიან საზღვაო მონაკვეთს აერთიანებს. ბოლო წლებში ჩინეთ-ევროპის საერთო სარკინიგზო გადაზიდვებში შუა დერეფნის წილი სტაბილურად იზრდება. კერძოდ, თუ 2023 წელს ეს მაჩვენებელი 1.5%-ს შეადგენდა, 2024 წელს მან 1.8%-ს მიაღწია, ხოლო 2025 წელს 2.2%-მდე გაიზარდა, როდესაც დერეფნით სულ 433 ბლოკმატარებელი გატარდა. ზრდის ეს ტენდენცია გრძელდება 2026 წელსაც, სადაც მხოლოდ პირველ კვარტალში ყაზახეთის გავლით უკვე გატარებულია 125 ბლოკმატარებელი, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია.
ამ დადებითი დინამიკის პარალელურად, დერეფნის მთავარ გამოწვევად ტვირთების დისბალანსი რჩება. 2025 წელს გატარებული 433 ბლოკმატარებლიდან 400 გაიგზავნა დასავლეთის მიმართულებით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მხოლოდ 33 ერთეული გადაადგილდა. ეს მკვეთრი თანაფარდობა შუა დერეფნით "რევერსული", ანუ უკუმიმართულების ტვირთების სერიოზულ ნაკლებობაზე მიუთითებს.
ჩინეთი – ევროპის სახმელეთო გადაზიდვების გლობალური მასშტაბი
შუა დერეფნის გაფართოება ჩინეთის უფრო მასშტაბური ევრაზიული ლოგისტიკური ქსელის ნაწილია. 2026 წლის მონაცემებით, ჩინეთის 129 ქალაქი სარკინიგზო მარშრუტებით უკავშირდება ევროპის 26 ქვეყნის 235 ქალაქსა და აზიის 11 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქს, რაც პრაქტიკულად მთელ კონტინენტს ფარავს.
2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სულ იმოძრავა 20 000-ზე მეტმა სატვირთო ბლოკმატარებელმა, ხოლო სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 2 მილიონ TEU-ს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულის ჭრილში 25-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ზრდა გაგრძელდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც, როდესაც გადაზიდვების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 11 178 ბლოკმატარებელი შეადგინა.
ცენტრალური აზია – ჩინეთის მთავარი ლოგისტიკური და სავაჭრო ჰაბი
ევროპისკენ მიმავალი სახმელეთო მარშრუტების გაფართოებამ პირდაპირი ასახვა hპოვა ცენტრალური აზიის რეგიონზე. 2025 წლის მონაცემებით, ჩინეთი ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა და ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, ტვირთების სწრაფი კონტეინერიზაციის ტემპიდან გამომდინარე, ჩინეთის მიერ რეგიონში განხორციელებული ექსპორტის ღირებულება, სადაც მაღალტექნოლოგიური პროდუქცია ჭარბობს, ორჯერ აღემატება საიმპორტო პროდუქციის ღირებულებას. ანალოგიური ტენდენციაა დამახასიათებელი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით განხორციელებული გადაზიდვებისთვისაც.




























