ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა.
საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებით ჩინური ავიაკომპანიის, AIR CHINA-ს დაინტერესებასთან დაკავშირებით, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა ორმხრივ მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები, ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ და გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით. პირდაპირი ფრენების სიხშირეთა ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აგრეთვე ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს მისცემს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ასევე ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან, თბილისსა და ურუმჩის შორის, კვირაში 3 სიხშირით განიხილავს და რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გასული წლის 11 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, მათ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ შემოსვლა და 30 დღე ყოფნა შეუძლიათ. უკვე მიმდინარე წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც დააწესა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
2023 წელს, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48 304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტალის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32 853 ვიზიტი განხორციელდა - წლიური ზრდა 159.5%-ია.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19 991 მგზავრი გადაიყვანა.