მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან ფოთამდე საზღვაო გზებით ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება 300%-ით გაიზარდა - SKYLOG

ტრანზიტი

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ წითელ ზღვაში სატრანზიტო გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო ევროპასა და აზიას შორის ტვირთის ტრანსპორტირება გართულდა: გადამზიდავებს სუეცის არხზე გამავალი მარშრუტის ჩანაცვლება სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გავლით მოუწიათ, რაც ტვირთის გადაზიდვის დროსა და ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

გადამზიდავი კომპანია SKYLOG-ის (“სქაი ლოჯისთიქსის”) მმართველი პარტნიორის განმარტებით, ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ზრდა საწვავზეა დამოკიდებული.

“პანდემიის პერიოდში კონტეინერების დეფიციტი იყო, რაც ტრანსპორტირებაზე ტარიფების ზრდას იწვევდა. ახლა ეს რეალობა აღარ გვაქვს და ღირებულების ზრდა, პირველ რიგში, საწვავის ფაქტორითაა გამოწვეული. გემებს უწევთ, აფრიკის კონტინენტს შემოუარონ, რაც მარშრუტს 6 000-მდე მილით ზრდის.

ჩინეთიდან ფოთამდე საზღვაო გზებით ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება 300%-ით გაიზარდა და, რასაკვირველია, ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაში გადაზიდვა გარკვეულ წილს იკავებს. თუ აქამდე რეალიზატორს გეგმაში 3 500 დოლარის დახარჯვა ჰქონდა, ახლა ხარჯი 8 500 დოლარამდე ეზრდება და ეს დისკომფორტს იწვევს”, - განმარტავს გიორგი ზუმბაძე.

მისი თქმით, ამ ვითარებაში საზღვაო ტრანსპორტირების ალტერნატივა რკინიგზაა, რომელიც, როგორც წესი, უფრო მაღალ ხარჯიანია, თუმცა ახლა თითქმის გაუთანაბრდა საზღვაო გადაზიდვის ხარჯებს.

“გვინდა თუ არა, ამ რეალობას უნდა შევეგუოთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ალტერნატივა - რკინიგზა. ეს გზა პოპულარული არ იყო, რადგან თვითღირებულება გაცილებით მაღალი აქვს, თუმცა, მაგალითად, პანდემიის პერიოდში სარკინიგზო გადაზიდვა უფრო იაფი ჯდებოდა და დაახლოებით იგივეა ახლაც, ალბათ სხვაობა მხოლოდ 20-30%-ია ხარჯებში, სატრანზიტო დრო კი გაცილებით ნაკლები”, - აღნიშნავს “სქაი ლოგის” მმართველი პარტნიორი BMGTV-ის ეთერში.

გიორგი ზუმბაძის განმარტებით, წითელ ზღვაში მდგომარეობის დასტაბილურება უახლოეს მომავალში ნავარაუდები არ არის.

წითელი ზღვა ტრანზიტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია, რომლის გავლითაც ტრანსპორტირება მსოფლიოს უმსხვილესმა ლოგისტიკურმა კომპანიებმაც შეაჩერეს. ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია Maersk-მა კი განაცხადა, რომ წითელ ზღვაში რეისების აღდგენისთვის ემზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები