გადამზიდი კომპანია "სქაი ლოჯისთიქსის" მმართველი პარტნიორი, გიორგი ზუმბაძე 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პორტების ტვირთბრუნვის კლებას და საპირისპიროდ, რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდას, საზღვაო გადაზიდვების გაძვირებას უკავშირებს.
როგორც მან BMG-ის არსებულ ტენდენციებზე საუბრისას განუცხადა, იმ ფონზე, რომ საზღვაო გადაზიდვების ტარიფები სარკინიგზოს გაუტოლდა, ამან ტვირთების ამ ორ არხს შორის გადანაწილება გამოიწვია.
გიორგი ზუმბაძე ამ კონტექსტში მნიშვნელოვან ფაქტორებად მიიჩნევს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შუა დერეფნის აქტუალურობის ზრდას, ასევე ისრაელის კონფლიქტს და წითელ ზღვაში არსებულ შეფერხებებს, რამაც ერთობლივად, ტარიფების და მარშრუტების ცვლილება გამოიწვია.
„მიზეზები სწორად რომ შევაფასოთ, ცოტა უკან უნდა დავიხიოთ. ეს ყველაფერი დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომის დღიდან, რამაც რეგიონში რეალობა სერიოზულად შეცვალა და აზიიდან ევროპის მიმართულებით მარშრუტების გადანაწილება მოახდინა. ახალმა რეალობამ, რუსეთის ჩაკეტვამ, გადატვირთა საქართველოს მიმართულება, აბრეშუმის გზა, თუმცა საქართველო შეიძლება თავის მაქსიმუმზე ავიდა ტრანზიტის მიმართ წინა წელს. ეს პირველ რიგში აისახა სარკინიგზო გადაზიდვებზე. საზღვაო გადაზიდვები ასევე გახდა მოთხოვნადი ფოთის გავლით იმიტომ, რომ ჩაიკეტა რუსეთის პორტები. ამას შემდეგ დაემატა ისრაელის კონფლიქტი, რამაც ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა. წითელი ზღვის კრიზისმა შეცვალა მარშრუტი, აფრიკის გავლით მოუწიათ საზღვაო ხომალდებს გადაადგილება. ტარიფებმა აიწია, შემდეგ ისევ დაიწია. ახლა, ივნისის დაანონსებული ტარიფებით, ისევ იწევს, დაახლოებით 10-15%-ით. ამას თუ მივამატებთ სატრანზიტო დროს, რასაკვირველია, როდესაც რკინიგზის ფასს გაუტოლდა საზღვაო გადაზიდვის ღირებულება, ამან რკინიგზაზე მოთხოვნა გააჩინა. ჩვენ უკვე დავიწყეთ სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით, მოთხოვნილება აპრილიდან მოყოლებული, დღიდან დღემდე იზრდება“,- ამბობს "სქაი ლოჯისთიქსის" მმართველი პარტნიორი.
მისივე განცხადებით, სარკინიგზო გადაზიდვებისთვის ძირითადი პრობლემა შეფერხებებია.
„როდესაც გადაიტვირთება, ესაა შეფერხება მატარებლების გამოსვლაში, ჩინეთში ადგილის ჯავშნის შოვნაში და საცობებში კასპიის ზღვაზე...“,- თქვა გიორგი ზუმბაძემ.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი პორტებისა და ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა წლის პირველ სამ თვეში ქართული პორტები 3.4 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. საპირისპიროდ, I კვარტალში, საქართველოს რკინიგზის მეშვეობით 3.2 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია.