გადამზიდავი კომპანია “მინტრანსის” დამფუძნებელი ირმა ვარსიმაშვილი ამბობს, რომ წითელი ზღვის კრიზისის გათვალისწინებით მოთხოვნა გაჩნდა ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებზე. მისი შეფასებით, ეს მარშრუტი პერსპექტიულია და მოთხოვნა თუ გაიზრდება, შესაძლოა, საზღვაო გადაზიდვებს მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს.
საქმე ის არის, რომ გადამზიდავი კომპანიები 2024 წლის მთავარ გამოწვევად გლობალურ კონფლიქტებს ასახელებენ, მათ შორის კი დღის წესრიგში პრობლემად რჩება წითელი ზღვის კრიზისი, რამაც არსებული მარშრუტების შეცვლა გამოიწვია, გაიზარდა გადაზიდვის ღირებულება, რამაც სახმელეთო გადაზიდვებს საზღვაოსთან კონკურენციის შანსი გაუჩინა.
“ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა სახმელეთო გადაზიდვები ჩინეთიდან. საკმაოდ ბევრმა მანქანამ დაიწყო უკვე სიარული, სწორედ ამ მიმართულებაზე, როგორც ქართველმა, ისე აზერბაიჯანელმა კომპანიებმა. შეიძლება, ამან გამოიწვიოს სახმელეთო გადაზიდვის ტარიფის ცვლილება შედარებით, თუმცა გრანდიოზულ სხვაობას არ ველოდებით.
თუ პარალელს გავავლებთ საზღვაო გადაზიდვებთან, 8-9 ათასი დოლარი ჯდება ჩინეთიდან კონტეინერით შემოტანა, დაახლოებით იგივე ფასია სახმელეთო გადაზიდვაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრაილერს უფრო მეტი მოცულობა აქვს, ვიდრე კონტეინერს, შეიძლება უფრო მეტი ტვირთი ნაკლებ დროში დაახლოებით იგივე ფასში შემოიტანო ქვეყანაში”, - ამბობს კომპანია “მინტრანსის” დამფუძნებელი ირმა ვარსიმაშვილი.