მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთიდან ვიზიტების ზრდა წელსაც გაგრძელდა, ორ კვარტალში 47 ათასამდე ვიზიტი შედგა

საქართველო / ჩინეთი

ჩინეთიდან ვიზიტორები კვლავ მზარდია. 2025 წლის 6 თვეში ჩინეთიდან 46 755 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 42%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოში ვიზიტებით ლიდერი ქვეყნების ათეულშია. ტურიზმში ზრდას სავარაუდოდ, ხელი შეუწყო უვიზო მიმოსვლის დაწყებამაც. ჩინეთიდან ვიზიტორები გაიზარდა 2024 წელსაც, როდესაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

კერძოდ, ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, შარშან ჩინეთიდან ჯამში 88 583 ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 83%-ით მეტი იყო.

ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორი ჩინური კომპანია China Southern Airlines-ი და Air China დაფრინავს. ურუმჩი - თბილისი საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით სრულდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან მგზავრების რაოდენობაც მზარდია და მიმდინარე წლის ხუთ თვეში ზრდა 90%-ს აჭარბებს.

კერძოდ, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 57 184 მგზავრი, რაც 2023 წელთან შედარებით 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29 212 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91%-ით მეტია.

გუშინ, 8 ივლისს, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე ხან ძუნი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ახალი ავიამიმართულებების დამატების შესაძლებლობა.

"როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან გამოხატულია მზარდი ინტერესი საქართველოსა და ჩინეთის საავიაციო ბაზრების ათვისების და ოპერირების გაფართოების კუთხით. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას,“ - განაცხადა ნადარეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები