მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე გაცილებით უფრო მკვეთრად გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მატების მაჩვენებელმა 4.5% შეადგინა.
წინა კვარტალთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 2.2%-ითაა გაზრდილი, რაც აგრეთვე აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.
მშპ-ის მკვეთრი ზრდა პირდაპირ კავშირშია ნულოვანი კოვიდპოლიტიკის დასრულებასთან და ქვეყნის მასშტაბით რეგულაციების გაუქმებასთან. ეკონომიკის შემზღუდავი ფაქტორების გაქრობამ, ბუნებრივია, სამეწარმეო საქმიანობის აღდგენას და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი.
წლიურ ჭრილში რიტეილ სექტორის საერთო ბრუნვა თითქმის 11%-ითაა გაზრდილი; ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებელმა 4%-ით მოიმატა; ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა კი 5%-ითაა გაზრდილი.