მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ხელისუფლებამ საპენსიო ასაკი გაზარდა

ჩინეთი

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საპენსიო ასაკი გაიზარდა, ანუ კუთვნილ პენსიაზე გასასვლელად ადამიანებს უფრო მეტი ხანი მოუწევთ მუშაობა. კაცების საპენსიო ასაკი სამი წლით მოიმატებს, ქალების კი ხუთი წლით, ხოლო თავად ცვლილება მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაინერგება. შედეგად, ჩინელი კაცები პენსიაზე 63 წლის ასაკში გავლენ, ხოლო ქალები 55 წლის ასაკში, მაგრამ ის ქალები, რომლებიც მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ, სახელმწიფო პენსიას 58 წლამდე ვერ მიიღებენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის დაბერების პრობლემას აღმოფხვრის და ქვეყანაში პროდუქტიულობას გაზრდის, რაც, თავის წილ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რომლის ზრდის ტემპი ბოლო ხუთი კვარტალის განმავლობაში შენელდა. საპენსიო ასაკის გაზრდა ჩინეთის ხელისუფლებისთვის პრაგმატულადაც მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები, რომლებიც მეტი ხნის განმავლობაში იმუშავებენ, სახელმწიფო გადასახადების სახით ბიუჯეტში უფრო დიდ თანხას შეიტანენ და თან, ბიუჯეტს ტვირთად ნაკლებად დააწვებიან, რადგან პენსიას არ მიიღებენ.

ჩინეთის დემოგრაფიული პოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აზიური სახელმწიფოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თუ 40 წლის წინ, როცა ქვეყანაში “ერთი ოჯახი - ერთი ბავშვის” პოლიტიკა ამოქმედდა, ჩინელები, საშუალოდ 66 წლის განმავლობაში ცოცხლობდნენ, ახლა სიცოცხლის ხანგრძლივობა 78 წლამდე გაიზარდა. თავად ამ პოლიტიკამ ერთი, შეიძლება ითქვას, წინასწარ გაუთვალისწინებელი პრობლემა შექმნა, რაც მოხუცებული მშობლების მოვლას უკავშირდება, რისი ტვირთიც მხოლოდ ერთ შვილს აწევს.

2035 წლისთვის, ჩინეთის მოსახლეობის მესამედი სულ მცირე 65 წლისა იქნება, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.2% იყო. მოხუცი მოსახლეობის წილობრივი ზრდის დაჩქარება გვაფიქრებინებს, რომ შობადობის წახალისებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა არ მუშაობს. შედეგად, ჩინეთში საკმაოდ კარგადაა განვითარებული ხანდაზმულთა სახლების და მოხუცებზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულებების ბიზნესი და გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ასეთი კომპანიების აქციების ფასზე დადებითად აისახა. თავად ამ ფაქტორს ის განაპირობებს, რომ თუ ადამიანები უფრო მეტ ხანს იმუშავებენ, მათ უფრო მეტი ჯანმრთელობის პრობლემა გაუჩნდებათ, ანუ საავადმყოფოებზე და ხანდაზმულთა სახლებზე მოთხოვნა გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები