მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის ხელისუფლებამ ტექ-კომპანიებს კულუარულად განუცხადა, რომ Nvidia-ს ჩიპების შეძენისთვის მოემზადონ

Nvidia H200

ჩინეთის ხელისუფლებამ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის TikTok-ის შემქმნელ ByteDance-სს, WeChat-ის შემქმნელ Tencent Holdings, ასევე ჯეკ მას მიერ დაარსებულ Alibaba Group-ს მოუწოდა, Nvidia-ს ჩიპების შეძენისთვის მოემზადონ.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის, თუმცა Reuters-სს წყაროები უდასტურებენ, რომ დახურულ შეხვედრაზე ოფიციალურმა უწყებამ კომპანიების წარმომადგენლებს შესაბამისი მინიშნება მისცა. სავარაუდოა, რომ სახელმწიფო მარეგულირებელი Nvidia-ს წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს მიმდინარე კვირაში მოხსნის და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელი H200 ტიპის AI ჩიპების იმპორტს დაუშვებს. თავის მხრივ, გასულ შაბათ-კვირას ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგიც, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და გამოთქვა იმედი, რომ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ისინი არჩევანს კვლავ H200-ზე გააკეთებენ. შეგახსენებთ, ამჟამად, ჩინეთში შეზღუდვის გარეშე ჩიპების გაყიდვის უფლება AMD-ს აქვს მიღებული და MI400 ტიპის ბარათებს აქტიურად ყიდის. თუმცა, სავარაუდოა, რომ AMD-ზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება, როცა ბაზარზე H200-ის შეძენა კვლავ ნებადართული გახდება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ რამდენად შეუზღუდავად მისცემს სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიებს H200-ის გამოყენების უფლებას. ერთი მხრივ, გაურკვეველია, რა რაოდენობის AI ჩიპების ყიდვის უფლება მიეცემათ მათ. მეორე მხრივ კი, არ არის დაზუსტებული, რა მოცულობის სიმძლავრის გამოყენების ნებართვა ექნებათ მათ. არსებობს ვარაუდი, რომ დაწესდება ზედა ზღვარი, რათა ტექ-კომპანიები Nvidia-ს პროდუქციაზე სრულად დამოკიდებულნი არ გახდნენ და პარალელურად კვლავ განაგრძონ იმ ჩიპების მოხმარება, რომელსაც H200-ის ბაზარზე გამოჩენამდე იყენებდნენ. შეგახსენებთ, პრეზიდენტ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ჩინური ტექ-კომპანიები Nvidia-ს ჩიპებს აქტიურად იყენებდნენ, თუმცა ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მათ სხვა მიმწოდებლებზე სრულად გადაწყობა მოუწიათ. სავარაუდოა, რომ ამჯერად ოფიციალური პეკინი გაცილებით ფრთხილ პოზიციას დაიკავებს, რათა გამორიცხოს ჩინური კომპანიების Nvidia-ს ჩიპებზე დამოკიდებულება და სავაჭრო ინსტრუმენტის პრეზიდენტ ტრამპის ხელში აღმოჩენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები