მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის რკინიგზას საქართველო-ყაზახეთი-აზერბაიჯანის რკინიგზების ერთობლივ კომპანიასთან მიერთების სურვილი აქვს

ჩინეთი რკინიგზა მატარებელი

ჩინეთის სახელმწიფო რკინიგზას სურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს-აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებულ ერთობლივ კომპანიაში, რომელიც შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაციის მიზნით გასული წლის ბოლოს დაფუძნდა.

ჩინეთის რკინიგზის დელეგაციამ დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან, დავით ფერაძესთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რკინიგზის ძირითადი მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. საუბარი ასევე შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა.

"როგორც ჩინეთის რკინიგზის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მათი განმარტებით, მთავარი მიზანი შუა დერეფნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა.

შეხვედრისას ჩინეთის მხარემ საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ, შუა დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ეფექტიანი კოორდინაციის, ტარიფების გამჭვირვალობისა და სტაბილური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შექმნილ ერთობლივ საწარმო Middle Corridor Multimodal-თან მიერთების სურვილი გამოთქვა, რაზედაც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა,"- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებმა დაარსეს ერთობლივი კომპანია, რომლის მიზანსაც შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაცია, აღნიშნული მარშრუტის პოპულარიზაცია და ქვეყნებს შორის სატრანსპორტო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. კომპანიის მიზანია ტვირთების ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება, რამაც გადამზიდავებისთვის სერვისების მიღება უნდა გაამარტივოს.

BMG-იმ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა კითხვებით საქართველოს რკინიგზას, სადაც გვითხრეს, რომ ჩინეთის რკინიგზის ერთობლივ კომპანიაში ჩართვის შესახებ ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები