სახელმწიფო მის ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კონტრაქტორ კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან" დავაშია - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.
საუბარია საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogal Lovells-თან გაფორმებულ კონტრაქტზე, რომლის ფარგლებშიც უცხოელმა იურისტებმა "ჩინეთის რკინიგზის 23"-ე ბიუროსთან მიმდინარე დავის შესახებაც უნდა იმუშაონ.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავა კომპანიის მიერ აშენებულ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეოთხე 9.5-კილომეტრიან ლოტს შეეხება. ამ გზის აშენება ევროპის საინვესტიციო ბანკისგან აღებული კრედიტით მოხდა და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია. საჯაროდ ცნობილი არაა უშუალოდ რას შეეხება "ჩინეთის რკინიგზის 23-ე" ბიუროსთან მიმდინარე დავის შინაარსი.
დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეოთხე მონაკვეთი 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გზის აღნიშნული მონაკვეთი ინსპექტირებისთვის იქნება დახურული.
"პროცედურის ფარგლებში, 2023 წლის 27 ნოემბრის 14:00 სთ-დან 9 დეკემბრამდე დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. აღნიშნულის გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გეგმური ინსპექტირება და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ფარგლებში,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" უმსხვილესი მიმდინარე პროექტი ქვეშეთი-კობის ახალი მაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაა.