ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავაჭრო ბალანსმა გასული 2025 წლის განმავლობაში ისტორიულ პროფიციტს, $1.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია და წინა წელთან შედარებით 20%-იან მატებას წარმოადგენს.
საერთო ჯამში, 2025 წლის განმავლობაში ჩინეთმა ექსპორტზე $3.77 ტრილიონის საქონელი გაიტანა და იმპორტის გზით $2.58 ტრილიონის საქონელი შეიძინა, რაც $1.2-ტრილიონიან სხვაობას გვაძლევს.
პროფიციტის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანამ ექსპორტზე $1.2 ტრილიონით მეტი ღირებულების საქონელი გაიტანა, ვიდრე იმპორტის სახით უცხოეთიდან შემოიტანა. ტრადიციულად, ჩინეთი ნეტო ექსპორტიორი სახელმწიფოა და მისთვის პროფიციტის არსებობა უჩვეულო არ არის, განსხვავებით აშშ-ისგან, რომელიც ნეტო იმპორტიორია.
მიუხედავად ტარიფების გამო აშშ-ში ექსპორტის შემცირებისა, ჩინეთის სავაჭრო პროფიციტის საერთო ზრდა ძირითადად ევროპასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან და განვითარებად ბაზრებთან ვაჭრობის გააქტიურებით არის განპირობებული.
გარდა ამისა, ენერგომატარებლებზე და სხვა ტიპის სტრატეგიულ ნედლეულზე ფასების კლებამ ჩინეთის იმპორტის ღირებულება შეამცირა, რამაც საბოლოო ჯამში პროდუქცია გააიაფა და ექსპორტი გაზარდა.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ამ დინამიკაში უდიდესი როლი რუსეთის ფედერაციას აქვს, რომელიც ჩინეთს იაფი ნავთობით ამარაგებდა, რაც გლობალურ ბაზარზე ქვეყანას კონკურენტულ უპირატესობას აძლევდა.



























