მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ხელისუფლება Tencent-ისა და Alibaba-ს „ოქროს წილებს" მიიღებს - Bloomberg

63c5092ef11ff
გიორგი არონია
16.01.23 14:02
594
ჩინეთის სახელმწიფო უწყებები ქვეყნის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში, Alibaba-სა და Tencent-ში ე.წ. „ოქროს წილებს“ მიიღებენ, რითაც კომუნისტური მთავრობა ქვეყნის მთავარ კომპანიებზე საკუთარ გავლენას კიდევ უფრო გაზრდის, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, საწესდებო კაპიტალის განახლებული სტრუქტურით, ჩინეთის ხელისუფლება დირექტორების დანიშვნას და კომპანიების ძირითადი ვექტორების განსაზღვრას შეძლებს, რაც სი ძინპინის მთავრობას ინდუსტრიაზე გრძელვადიანი კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემს.

კომპანიების წილების შესყიდვა ჩინეთის სახელმწიფო უწყებებმა უკვე დაიწყეს. მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ Alibaba-ს შვილობილი მედიაკომპანიის 1%-იანი წილი შეიძინა, რომელშიც სტრიმინგ-პლატფორმა Youku და მობილური ბრაუზერი, UC Web-ი შედის - წილის გადმოფორმების დღესვე, კომპანიის მენეჯმენტში ახალი წევრი გაჩნდა, ცხადია, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციიდან.

მოსალოდნელია, რომ საწესდებო კაპიტალის მსგავსი ცვლილება, რომელსაც უკვე დიდი ხანია TikTok-ის მფლობელ ByteDance-სა და Weibo-ში ვხვდებით, ჩინეთის უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიაში, Tencent-შიც მოხდება.

აღნიშნული კორპორაციული ცვლილებები და ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ბოლო დროს დაფიქსირებული კოლოსალური ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ სი ძინპინს მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის გაცოცხლება აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის, ვიდეოთამაშებზე დაწესებული აკრძალვების მოხსნას და ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ არსებული წნეხის შემცირებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები