მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ილონ მასკს, სავარაუდოდ, მოუწოდა, ქვეყანაში Starlink-ის სერვისები არ გაეშვა

634551c4b0d75
გიორგი არონია
11.10.22 15:48
1001

ჩინეთმა ილონ მასკს სავარაუდოდ მოუწოდა, ქვეყანაში Starlink-ის სერვისები არ გაეშვა. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს, რომელმაც მასკთან ინტერვიუ ჩაწერა. დაეთანხმა თუ არა ჩინეთის ხელისუფლების ამ მოთხოვნას ილონ მასკი, ინტერვიუდან არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ Starlink-ის რუკაზე ჩინეთი არ ჩანს, არადა ტაივანში, მონღოლეთსა და ვიეტნამში - ქვეყნებში, რომლებიც ჩინეთს ესაზღვრება, კომპანია სალიცენზიო პროცედურებს გადის.

„მასკი ჩინეთით მოხიბლულია და ქვეყანაში ინვესტიციებსაც აბანდებს. თუმცა, ის არ არის დაზღვეული აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობებისგან, რომლებიც ჩინეთის მიერ ტაივანის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების რისკითაა გამოწვეული. როგორც მასკი ამბობს, პეკინმა ნათლად აგრძნობინა, რომ სამხედროების დასახმარებლად და მათთვის ინტერნეტ-კავშირის აღსადგენად უკრაინაში Starlink-ის გაშვებას არ ეთანხმება. როგორც ის ამბობს, პეკინს სურდა მიეღო გარანტია, რომ ის ჩინეთის ტერიტორიაზე Starlink-ის მოწყობილობებს არ გაყიდდა“, - ვკითხულობთ Financial Times-ის მიერ მომზადებულ მასალაში, რომელიც ილონ მასკთან ჩაწერილ ინტერვიუს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელშიც Starlink-ის სერვისებზე წვდომა ადამიანებს სახელმწიფოს და მტრების მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება. მეტიც, ბოლო წლებში, Starlink-ი ქსელური ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ გლობალურ სიმბოლოდ იქცა. ცოტა ხნის წინ, კომპანიის სატელიტური ინტერნეტი ირანშიც გააქტიურდა, სადაც პროტესტების საპირწონედ ხელისუფლებამ ინტერნეტის ჩახშობა გადაწყვიტა.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ილონ მასკი ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ დღემდე, ჩინეთში Tesla-მ ოთხმოცი ათასზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რომელთა უმრავლესობა შანხაის გიგაქარხანაში არის აწყობილი. ამასთანავე, მიმდინარე წლის აგვისტოში, ჩინეთის ინტერნეტის მარეგულირებელი ორგანოს (CAC) მიერ გამოცემულ ჟურნალში ილონ მასკის ავტორობით სტატია გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი საქართველოს ტერიტორიაზეც გააქტიურდება - კომუნიკაციების კომისიისგან შესაბამისი ლიცენზია ამერიკულმა კომპანიამ ივლისში მოიპოვა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები