მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა პირველი უპილოტო სატვირთო საფრენი აპარატი წარმატებით გამოცადა

Changying-8

ჩინეთმა 7-ტონიანი ახალი უპილოტო სატვირთო საფრენი აპარატის პირველი ფრენა წარმატებით დაასრულა.

Changying-8 (CY-8), რომელიც ჩინეთის ჩრდილოეთის ინდუსტრიული ჯგუფის კორპორაცია Norinco-მ და პეკინის Beifang Changying UAV Technology-მ შექმნეს, კომპანიების ცნობით, "მსოფლიოში ყველაზე მძიმე" მრავალპროფილური სატვირთო დრონია. აპარატმა პირველი სატესტო ფრენა სამშაბათს, ცენტრალურ ჩინეთში, ხენანის პროვინციის ქალაქ ჯენგჭოუს აეროპორტში წარმატებით განახორციელა.

ორძრავიანმა აპარატმა ჰაერში დაახლოებით 30 წუთი დაყო. ინჟინრებმა ფრენა ძირითადი სისტემების - მათ შორის ძრავისა და ინტელექტუალური ფრენის კონტროლის შესამოწმებლად გამოიყენეს.

CY-8-ს სიგრძე 17 მეტრია, ფრთების შლილი კი - 25 მეტრი. მაქსიმალური ასაფრენი წონა 7 ტონას შეადგენს და 3.5 ტონა ტვირთის (მისივე ცარიელი წონის ტოლფასი) გადატანა შეუძლია. სრულად დახურულ 18-კუბურმეტრიან სატვირთო განყოფილებას წინა და უკანა კარები აქვს, რაც ტვირთის დაცლა-ჩატვირთვის პროცესს დაახლოებით 15 წუთში ხდის შესაძლებელს.

დრონის, რომელიც როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო დანიშნულების პლატფორმად შეიქმნა, 3 000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია. აფრენისა და დაფრენისთვის მას 500 მეტრზე ნაკლები სჭირდება, რაც იდეალურს ხდის მარტივ ასაფრენ ზოლებზე, კუნძულებსა თუ განუვითარებელ აეროდრომებზე ოპერირებისთვის.

აპარატი სპეციალურად არის ოპტიმიზებული ექსტრემალური პირობებისთვის, მათ შორის ტიბეტის პლატოზე (სადაც სიმაღლე 4 000-დან 5 000 მეტრამდე აღწევს) მაღალმთიანი მისიებისთვის.

CY-8-ის გამოჩენა ასახავს უპილოტო ავიაციაში დომინირებისთვის მიმდინარე ფართო გლობალურ კონკურენციას. მაშინ, როცა ჩინეთი სხვა მსხვილ სისტემებსაც ტესტავს (მაგალითად, 10-ტონიანი კლასის W5000 და მძიმე ტვირთმზიდი შვეულმფრენი Boying T1400), ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც პარალელურ პროგრესს მიაღწია. კალიფორნიაში დაფუძნებულმა Sabrewing-მა ვერტიკალურად მფრენი/დამფრენი აპარატი RH-1-A Rhaegal შექმნა, რომელიც ასაფრენი ზოლის საჭიროებას სრულად ხსნის და აშშ-ის საჰაერო ძალებისგან ერთობლივი შეკვეთებიც უკვე მიიღო.

CY-8-ის სატესტო ფრენები გაგრძელდება. დეველოპერები მიზნად ისახავენ სრულმასშტაბიანი წარმოება წლის ბოლომდე დაიწყონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები