ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანის გარშემო სამხედრო ძალების აქტიური მობილიზაცია დაიწყო, მათ შორის, საზღვაო ზონაში ფიქსირდება სამხედრო ხომალდებისა და გამანადგურებლების უჩვეულოდ მაღალი კონცენტრაცია.
გარდა მობილიზაციისა, ჩინური სამხედრო თვითმფრინავები ტაივანის საჰაერო სივრცის მიზანმიმართულ დარღვევაზე არიან გადართულნი, რაც კუნძულის ტერიტორიული სუვერენიტეტის ხელყოფას წარმოადგენს.
ტაივანის საგარეო საქმე სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის მთავრობა ვერ ეგუება ტაივანში ჩატარებული არჩევნების შედეგს, რომელშიც ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა.
ჩინეთის მთავრობის განმარტებით, ტაივანში ჩატარებულ არჩევნებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ტაივანი ერთიანი ჩინეთის ნაწილია და ამ მოცემულობას ვერანაირი სახის არჩევნები და რეფერენდუმი ვერ შეცვლის.
ჩინეთის სამხედრო ძალები გააქტიურება, გარკვეულწილად, კავშირშია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ტაივანის დამოუკიდებლობას არც აღიარებს და არც მხარს უჭირს.
ეს ისტორიული მნიშვნელობის განცხადებაა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკა ერთიანი ჩინეთის იდეას უჭერს მხარს და ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ განიხილავს.
ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ტაივანი ჩინეთისგან თავის დაცვას ვერ შეძლებს და მისი რეუნიფიკაცია გარდაუვალი იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის წინ, სი ძინპინმა ისიც განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო ძალასაც გამოიყენებს, რათა მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისტორიული მისია აღასრულოს და ჩინეთი გააერთიანოს.