ჩინეთის მასშტაბით უძრავი ქონების კრიზისი თითქმის ყოველდღიურად მწვავდება. გაკოტრებული სამშენებლო კომპანიებისა და ჩამოქცეული ბანკების ფონზე, ქვეყნის მასშტაბით 80 მილიონი უპატრონოდ დარჩენილი სახლია დაგროვილი.
ქვეყანაში, სადაც მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართის დეფიციტია, ნამდვილად უცნაურია სახლების უპატრონოდ დარჩენა, თუმცა ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს. საქმე ისაა, რომ ჩინური სამშენებლო კომპანიები პროექტებს ქალაქების მასშტაბით ახორციელებდნენ, ანუ რამდენიმე კომპანიის კონსორციუმი დაუსახლებელ ადგილას მთელ ქალაქს აშენებდა, რაც ასობით საცხოვრებელ კორპუსს, გზებს და ინფრასტრუქტურას მოიცავდა.
მას შემდეგ, რაც ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, სამშენებლო კომპანიებმა ახალი ქალაქების განვითარების პროცესი შეაჩერეს, ამან კი იმ მოვლენამდე მიგვიყვანა, რომელსაც დღეს „მოჩვენებების ქალაქების“ სახელით მოიხსენიებენ. ანუ ჩინეთში ამჟამად ათობით ისეთი ნახევრად აშენებული ქალაქია, სადაც არაფერი ხდება და არავინ ცხოვრობს, ერთგვარი ბეტონის ჯუნგლები, სადაც მილიონობით აშენებული და მომავალში ასაშენებელი საცხოვრებელი და კომერციული ფართია განთავსებული.
სავარაუდოდ, ამ პროექტებს ერთ დროს სხვა კომპანიები დაასრულებენ, თუმცა ჯერჯერობით მოცემულობა ასეთია – ჩინეთში 80 მილიონი დასრულებული სახლია, სადაც უბრალოდ არავინ ცხოვრობს.