"ჩინეთში ექსპორტის ხელშესაწყობად, სამუშაო ჯგუფი იქმნება," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემაში „დებატები რუსთავი2-ზე“ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესის მოთხოვნაა, რაც შეიძლება მეტი ექსპორტი განახორციელონ ჩინეთის ბაზარზე.
"საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ჩვენი ექსპორტიორებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. შანხაის ექსპო გახლდათ ერთ-ერთი წარმატებული ექსპო, საქართველოდან დაახლოებით 38-მდე ექსპორტიორი კომპანია მონაწილეობდა, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მსხვილ იმპორტიორებს, შემსყიდველებს გასაუბრებოდნენ, გაეცნოთ თავიანთი საექსპორტო პოტენციალი.
დაახლოებით 50-მდე კომპანია მონაწილეობდა და B2B შეხვედრები დაორგანიზდა, სადაც კონკრეტული საუბრები შედგა ორ მხარეს შორის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ასევე, რომ სავაჭრო მისია ერთ-ერთი უპრეცედენტო მასშტაბით დავაორგანიზოთ საქართველოში უკვე პირველი კვარტლის ბოლოს. გვაქვს მოლაპარაკება ჩინეთის მხარესთან, კომერციის სამინისტრო გახლავთ ის პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რათა ხელი შევუწყოთ ვაჭრობის განვითარებას ორ ქვეყანას შორის.
სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომ ხელი შეუწყოთ კონტაქტების დამყარებას - პირდაპირ ექსპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან ჩვენი ბიზნესების დაკავშირებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხშირად ეს არის ბიზნესის მოთხოვნა, მათი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ექსპორტი განახორციელონ ჩინეთის ბაზარზე. მთავრობა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ, ჩინეთის ბაზარზე ჰქონდეთ წვდომა, კონტაქტების მოძიებაში ვეხმარებით, ამ შემთხვევაში კომერციის სამინისტრო, როგორც აღვნიშნე, გახლავთ ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც მსგავსი ტიპის კონტაქტების მოძიებაში გვეხმარება, მათ დაკავშირებადობაში და ეს არის ძირითადად ის თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სავაჭრო მისია, რომელსაც მთავრობა გეგმავს, ემსახურება კონკრეტულად ჩინეთიდან მსხვილი იმპორტიორების, შემსყიდველების, დისტრიბუტორების საქართველოში ჩამოყვანას.
„ისინი პირდაპირ კონტაქტს დაამყარებენ უკვე საქართველოში და გაეცნობიან წარმოებებს, უშუალოდ ფაბრიკებში მოხდება მათი ვიზიტები და დათვალიერება იმ შესაძლებლობების, რომელიც ქართველი ექსპორტიორებს აქვთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
























