ახალი კვლევის თანახმად, ჩინეთში მზისა და ქარის ენერგიების გამომუშავების ზრდამ, შესაძლოა, გლობალური ნახშირბადის ემისიები იმაზე სწრაფად შეამციროს, ვიდრე ნავარაუდევია. ჩინეთში მხოლოდ მზის პანელების ინსტალაცია იმდენადაა გაზრდილი, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის დასახულ მწვანე მიზნებს, სავარაუდოდ, 5 წლით ადრე მიაღწევს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ქვანახშირის სადგურების რაოდენობაც იზრდება. ჩინეთი ქვანახშირის, ძირითადად, ელექტროენერგიისთვის მოხმარებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რაც ქვეყნის ნახშირბადის ემისიების 69%-ზეა პასუხისმგებელი.
თუმცა კვლევა ადასტურებს, რომ ჩინეთში ქარისა და მზის ენერგიის გენერაცია უწყვეტ რეჟიმში იზრდება, რამაც, შესაძლოა, შესამჩნევი გავლენა მოახდინოს დედამიწის ატმოსფეროში ტემპერატურის ზრდაზე.
Global Energy Monitor (GEM)-ის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ჩინეთში იმაზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, ვიდრე მთელს მსოფლიოში ერთად. რაც შეეხება ქარის ენერგიას - ქვეყანამ მისი მოცულობა 2017 წლიდან დღემდე გააორმაგა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. GEM-ის თანახმად, ჩინეთში ეს სექტორი იმდენად მზარდია, რომ 2025 წლისთვის ქარისა და მზის ენერგიების მოცულობების გაორმაგებაა ნავარაუდები.
ის, რომ ჩინეთში მზის პანელების რაოდენობა მზარდია, გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანა ამ პროდუქტების მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებელიცაა, რის გამოც განახლებადი ენერგიის მოპოვება ჩინეთში ეკონომიკური უპირატესობაცაა. ამაში თავის როლს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ელექტროსადგურების დამონტაჟების ხარჯების სუბსიდირება და მწვანე მიზნების მისაღწევად შემუშავებული რეგულაციებიც თამაშობენ.
გასულ წელს, ქარისა და მზის სადგურების შექმნაში გლობალურად ნახევარ ტრილიონ დოლარეზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 55%-იანი წილი სწორედ ჩინეთზე მოდის.