მსოფლიო განახლებადი ენერგიის წყაროებს წარმოუდგენელი სიჩქარით ითვისებს. დღესდღეობით, უამრავი სახელმწიფოსთვის, ენერგიის ამ წყაროს გამოყენება უკვე პრიორიტეტია. ქვეყნები ცდილობენ, გამომუშავებული ენერგიის უდიდესი წილი სწორად განახლებადი წყაროებიდან მიიღონ და საამისოდ შესაბამის სარეგულაციო და საკანონმდებლო ცვლილებებსაც ახდენენ. ეს კი თავის მხრივ ტექნოლოგიის მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
განახლებად ენერგიებს შორის კი ყველაზე დიდი ადგილი მზის ენერგიას უკავია. 2023 წლის მონაცემებით, განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ჯამური მოცულობის ¾ სწორედ მზის ენერგიაზე მოდიოდა. რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას - ბოლო ათწლეულის ტენდენცია კვლავ უცვლელია და ლიდერის პოზიციებს ჩინეთი, ევროკავშირის ქვეყნები და აშშ ინაწილებენ. ბოლო წლებს სტატისტიკას თუ გადავხედავთ აშკარაა, რომ ქვეყნებში მზისგან მიღებული ენერგიის მოცულობა ყოველწლიურად ზრდადობით ხასიათდება, განსაკუთრებით ჩინეთის შემთხვევაში.
ჩინეთში მზისგან ენერგიის ამჟამინდელი ჯამური მოცულობა 393 გიგავატს შეადგენს, რაც ევროკავშირის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. ხოლო ორივეს შედეგს ჩამორჩება აშშ, რომლის შემთხვევაშიც ეს მაჩვენებელი 113 გიგავატს უტოლდება.
2017 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, მზისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 25% იყო, აშშ-ის 21%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი საშუალო მაჩვენებელი 16%-ით განისაზღვრა.
ჩინეთში დღეს არა მხოლოდ, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობით მზის ენერგია გენერირდება, არამედ ეს ქვეყანა, გლობალურ დომინირებას მზის ელექტროსადგურებისთვის საჭირო კომპონენტების წარმოების მხრივაც ინარჩუნებს. მზის პანელების მიწოდების მსოფლიო ჯაჭვში ჩინეთი დაახლოებით 80%-ს აკონტროლებს.
2022 წელს, ჩინეთის მზის ენერგიის ინდუსტრიაში 2 მილიონ 760 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ჩინეთის შემდეგ, დასაქმებულთა ყველაზე დიდი წილი, 648 000 - ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო მესამე პოზიციას აშშ იკავებს, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 264 000-ით განისაზღვრება.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, განახლებად ენერგიებში ჩინეთის წილი მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, მაგალითად, განახლებადი ენერგიის იმ სიმძლავრეების 60%, რომელიც 2028 წლისთვის ამოქმედდება - სწორედ ჩინეთზე მოდის.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთში მზისა და ქარის ენერგიების გამომუშავების ზრდამ, შესაძლოა, გლობალური ნახშირბადის ემისიები იმაზე სწრაფად შეამციროს, ვიდრე ნავარაუდევია. ჩინეთში მხოლოდ მზის პანელების ინსტალაცია იმდენადაა გაზრდილი, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის დასახულ მწვანე მიზნებს, სავარაუდოდ, 6 წლით ადრე, წელსვე მიაღწევს.