მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ჩვენ მიერ დადგმული მზის სადგურების ჯამურმა სიმძლავრემ 8 მეგავატს მიაღწია - “ჰელიოს ენერჯი"

თორნიკე დარჯანია

Helios Energy Georgia-ს დადგმული მზის სადგურების ჯამურმა სიმძლავრემ, წელს, 8 მეგავატს მიაღწია. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, განახლებად ენერგიებზე ინტერესი და მოთხოვნა მზარდია, რის მაგალითადაც საკუთარი კომპანია მოიყვანა. დარჯანიას განმარტებით, “ჰელიოს ენერჯის" არსებობის 7-წლიან ისტორიაში ჯამურად 15 მეგავატი აქვთ დაყენებული, საიდანაც ბოლო 1 წელზე 8 მეგავატი მოდის.

„გეგმაში 10 მეგავატის სიმძლავრის დაყენება გვქონდა, თუმცა 8 დავაყენეთ და ესეც ძალიან კარგი შედეგია. ჩვენი კომპანია 15 თანამშრომლისგან შედგება და მათ მხრებზე გადაიარა ამ პროექტებმა. რაც კომპანია არსებობს, ბოლო ერთ წელს თუ არ ჩავთვლით, სულ 7 მეგავატი გვქონდა დაყენებული და მხოლოდ ბოლო ერთ წელში ეს რაოდენობა თხუთმეტამდე გაიზარდა. ზრდის ტენდენციაა და ეს არა მარტო ჩვენს კომპანიას, არამედ მთლიანად მზის ენერგეტიკას და განახლებად ენერგიებს ეხება“, - განაცხადა მან.

“ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებლის თქმით, განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი, ბიზნესშიც გაზრდილია.

„ბიზნესი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ საკუთარი გენერაციის ობიექტები უნდა შექმნან. ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს ბაზარზე ელექტროენერგიის შეძენა, ეს იქნება ჩვეულებრივი პროდუქტი და არც ისე იაფი, რადგან ენერგომატარებლების ფასი არ იკლებს “, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ვეტო-აღრიცხვაში ჩართული მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე დაახლოებით ჯამურად 60 მეგავატამდეა, საიდანაც მზის ენერგიაზე, დაახლოებით, 45 მეგავატი მოდის.

კითხვაზე, ამ დადგმული სიმძლავრის რა ნაწილი მოდის ბიზნესზე და ფიზიკურ პირებზე? მან შემდეგნაირად უპასუხა:“ბოლო სტატისტიკით 1000-მდე მომხმარებელია ჩართული ნეტო აღრიცხვაში. ამათგან უმეტესობა ფიზიკური პირია. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ჯამურად დადგმულ სიმძლავრეზე, პირობითად 45 მეგავატზე, ფიზიკური პირების წილი ამ რაოდენობაში, შეიძლება 5 მეგავატამდე იყოს. ფიზიკური პირები შეიძლება მეტი არიან, მაგრამ დაბალი სიმძლავრის სადგურებს აყენებენ. ბიზნესი კი მძლავრ სადგურს აყენებს“.

თორნიკე დარჯანიამ ასევე განმარტა, რაზე არის დამოკიდებული ადამიანს, რა სიმძლავრის სადგური სჭირდება და ამით რა ეკონომიას ნახავს.

"კომპანიის ამოსავალი წერტილია მომხმარებელი რამდენს მოიხმარს, მაგალითად თუ ვიღაც, 150 ლარის ელექტროენერგიას ხარჯავს, ჩვენ ვიცით, რომ ამისთვის საჭიროა 5 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დავაყენოთ და აქედან შეუძლია მომხმარებელს დაითვალოს რა დაუჯდება ეს 5 კილოვატი", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება „ნეტო აღრიცხვაა".

საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს მზის, ქარის, წყლის ენერგიების გამოყენებით. დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია.

იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, მომხმარებელს შეუძლია გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები