მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა დაამონტაჟოთ სახლში მზის პანელები? – ირაკლი უბილავას განმარტება

ირაკლი უბილავა

მიმდინარე კვირას TECH INFORM-ის ფოკუსში მზის ენერგია აღმოჩნდა, BMG TV-ის ეთერში კომპანია Ohm Energy-ს მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი უბილავამ სახლებში მზის სადგურების დამონტაჟების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზის პანელების დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი კომუნალური ხარჯების შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

Ohm Energy-ს მმართველმა პარტნიორმა უკუგების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტანდარტულ ოჯახს დაახლოებით 5-კილოვატიანი მზის სადგური სჭირდება, რომლის ღირებულება 4,000-5,000 დოლარის ფარგლებშია. ამ ინვესტიციის ამოსაღებად საშუალოდ 7-8 წელიწადია საჭირო, თუმცა აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ეს ხანგრძლივობა მიმდინარე, 26-თეთრიანი ტარიფითაა დათვლილი, მაგრამ ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში, საწყისი ინვესტიციის ამოღების პროცესი დაჩქარდება.

ირაკლი უბილავას განმარტებით, კომერციული მომხმარებლებისთვის უკუგებას ნაკლები დრო სჭირდება, კერძოდ, 4-5 წელი, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მათ ელექტროენერგიაზე უფრო ძვირი ტარიფის გადახდა უწევთ და მასშტაბებიც შედარებით უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ოჯახებს.

აღსანიშნავია, რომ შენობაში შემნახველი სისტემის, ანუ აკუმულატორების არსებობის შემთხვევაში, მზის ენერგიას სათადარიგო ენერგიის წყაროს როლის შესრულებაც შეუძლია. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენს სახლსა თუ ოფისს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად ექნება ელექტროენერგია, მაშინაც კი, თუ ქსელი მის მიწოდებას დროებით შეგიწყვეტთ.

„მზის ენერგია გვაქვს უხვად, თუმცა ეს არის ის რესურსი, რომელსაც თუ არ ავითვისებთ, ფუჭად იკარგება. ფოტოვოლტაიკა არის პროცესი, რომელიც მზის სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნაში და მის ათვისებაში გვეხმარება.

2016 წლიდან მოყოლებული, საქართველოში არსებული კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ქსელთან, ანუ „თელასთან“ ან „ენერგო-პროსთან“ ვიბარტეროთ. კანონი ასეთ რამეს გვეუბნება: თუკი შენ წლის განმავლობაში მოიხმარ X რაოდენობის ენერგიას, თუმცა ამავე პერიოდის განმავლობაში ქსელს უკანვე დაუბრუნებ X რაოდენობას, მაშინ შენ აღარ მოგიწევს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, რაც ნეტო აღრიცხვის ძირითადი პრინციპია.

ამ სისტემით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ასევე იურიდიულ პირებს. პროცესის დაწყება საკმაოდ მარტივია - ავსებთ განაცხადს და უთითებთ გენერაციის ადგილს. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ ლოკაციაზეც შეგიძლიათ, მთავარია, გამანაწილებელი ქსელი იყოს იგივე, ანუ თუ „ენერგო-პროს“ მომხმარებელი ვარ, მაშინ ჩემი მზის სადგურიც სწორედ მის ქსელზე უნდა იყოს დაერთებული“, - განაცხადა ირაკლი უბილავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები