2022 წელს მსოფლიოში 29165.2 ტერავატსაათი ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 35.4%-იანი წილით ელექტროენერგიის უმსხვილესი წყარო ქვანახშირია, რომელსაც 22.7%-ით ბუნებრივი აირი მოჰყვება, ხოლო მესამე პოზიციაზე ჰიდროენერგია 14.9%-იანი წილით.
ქვანახშირის გლობალური მოხმარების ნახევარზე მეტი - 53.3% ჩინეთზე მოდის. 13.6%-ით მეორე ადგილზე ინდოეთია, მესამე ადგილს კი აშშ იკავებს, რომლის წილიც ქვანახშირის გლობალურ მოხმარებაში 8.9%-ია.
მართალია, წიაღისეულ საწვავებს შორის ქვანახშირი ენერგიის გამომუშავების ყველაზე ბინძურ და ბუნებისთვის საზიანო წყაროდ განიხილება, თუმცა მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიარდ ტონამდე ქვანახშირს მოიხმარს. ელექტროენერგიის წარმოებაში მისი წილი 1997 წლიდან დღემდე 91,2%-ით არის გაზრდილი.
მიუხედავად ზრდის ამგვარი დინამიკისა, ანალიტიკოსების პროგნოზით ელექტროენერგიის ტრადიციული წყაროები შესაძლოა, ბოლო დღეებს ითვლიდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ელექტროენერგიის განახლებად წყაროებზე სტაბილურად გადადის, ამ მხრივ განსაკუთრებული წინსვლა კი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიმჩნევა.
2022 წელს განახლებადი ენერგიის ისეთმა წყაროებმა როგორიცაა ქარის, მზისა და გეოთერმული ენერგია ელექტროენერგიის მთლიანი წარმოების 14.4%-ი შეადგინა და არაჩვეულებრივი წლიური ზრდის ტემპი - 14.7% დააფიქსირა, როდესაც არაგანახლებადი პროდუქტებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.4%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება ჰიდროენერგიას, თუ მას ამ სტატისტიკაში განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად გავაერთიანებთ, ამ შემთხვევაში მათი ერთობლივი წილი, ელექტროენერგიის მთლიან გამომუშავებაში 29,3%-ი გახდება, წლიური ზრდის ტემპი კი 7.4%.
ნაკლებად წარმატებული წელი იყო ატომური ენერგოსადგურებისთვისაც. უკრაინაში, ზაპოროჟიეში, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის დახურვისა და საფრანგეთში კოროზიის გამო 4 რეაქტორის გამორთვის მიზეზით, ატომური ენერგოსადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი მსოფლიოში დაახლოებით 4%-ით შემცირდა და 9.2% შეადგინა. საკუთრივ საფრანგეთი, რომლის ელექტროენერგიის გამომუშავების 70%-ზე მეტი სწორედ ბირთვულ რეაქტორებზე მოდის, საგრძნობლად დაზარალდა. ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 22%-ით, 294,7 ტერავატ საათამდე შემცირდა და ელექტროენერგიის იმპორტირება გახდა საჭირო.
რომ შევაჯამოთ, მიუხედავად განახლებადი ენერგიების ზრდისა, წიაღისეული საწვავი გლობალურად კვლავ დომინირებს. ქვეყნების უმრავლესობა ენერგეტიკული ტრანზიციის საწყის ეტაპზეა და ერთეულია ისეთი შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის წარმოების საერთო წილში სუფთა ენერგიებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმდინარე ათწლეულში, დიდი ალბათობით, მრავალი რეკორდული და გარდამტეხი ცვლილების მომსწრე გავხდებით.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, 2026 წლისთვის განახლებადი წყაროებით წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 60%-ით გაიზრდება და 4,800 გიგავატს გადააჭარბებს - შედეგად, იგი წიაღისეული და ატომური ენერგიის დახმარებით ამჟამად გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობას გაუტოლდება. ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის გახდება განახლებადი ენერგია ელექტროენერგიის წარმოების დომინანტური წყარო - ერთი რამ უკვე ცხადია - გლობალური ენერგეტიკის ეკონომიკა გარდაუვალად იცვლება.