პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი რეალისტურად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 2-ჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდოს. მან ამის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე „ხობი 2 ჰესი“ ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ენერგოსისტემას 1150 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე დაემატა, რაც დიდი მიღწევაა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის ხედვაა, რომ არსებული ენერგორესურსები მაქსიმალურად იქნეს ათვისებული. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები აქვს, პირველ რიგში - ჰესების მიმართულებით, რადგან ქვეყანას 26 ათასზე მეტი მთის მდინარე გააჩნია და საჭიროა ამ რესურსების ათვისება. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ამ კუთხით მომავალ წლებში აქტიურად იმუშავებს, ისევე, როგორც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით.
"[2012 წლიდან] 63 ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, თუმცა, ამ მასშტაბის პროექტები ყოველდღე არ გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია - ჩვენი ენერგოსისტემისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
აბსოლუტურად რეალისტურია ჩვენი ამბიციური გეგმა - რომ შეგვიძლია არამხოლოდ გავაორმაგოთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე, არამედ 10,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს. ეს სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სრულად დაეხმარება ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს და ასევე გვექნება ახალი, ენერგოტევადი დარგების განვითარების და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის საშუალება. ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ასევე დაკავშირებადობის გაზრდაზე მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტია - ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ასევე აქცენტი გაკეთდა ახალი ჰესის ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობაზე რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული და იმ სოციალური პროექტების სახით, რომელთაც ინვესტორი კომპანია ახორციელებს. ჰესს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შეაქვს, მშენებლობის პროცესში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადამიანი, დღეისთვის კი 50-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ამასთან, კომპანიამ სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული პროექტების სახით უკვე დახარჯა 408 000 ლარი, მათ შორის სოფელ მუხურის მოსახლეობას უშენებს და საჩუქრად გადასცემს თანამედროვე სპორტულ კომპლექსს.