ჩინეთში ოქტომბრის თვეში 12.6 გიგავატის სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რაც 30%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებლებს - ინფორმაცია ამის შესახებ ენერგეტიკის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. NEA-ს ცნობით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზის სადგურების ინსტალაცია, წლის შუა პერიოდში ჩავარდნის შემდეგ, აღდგენის გზაზეა. თავის მხრივ კი, ჩავარდნა განახლებადი ენერგიის ფასების დადგენის ახალმა მექანიზმმა გამოიწვია, რომელიც ინვესტორებისთვის ბუნდოვანებით იყო მოცული.
წლის პირველ ნახევარში ჩინეთში მზის პანელების დამონტაჟება მკვეთრად გაიზარდა, დეველოპერები ცდილობდნენ, პროექტების იმ ახალი პოლიტიკის ამოქმედებამდე დაესრულებინათ, რომლითაც გარანტირებულ მოგების მაჩვენებელი გაუქმდა.
ვარდნის მიუხედავადაც, მზის პანელების დადგმული სიმძლავრე იანვარ-ოქტომბერში 39%-ით, 252.87 გიგავატამდე გაიზარდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუკი დადგმული სიმძლავრის ზრდა წლის ბოლომდე იგივე ტემპით გაგრძელდება, 2025 წელს ინსტალაცია თითქმის გაუტოლდება 2024 წლის რეკორდულ წლიურ ზრდას, რომელიც 277 გიგავატი იყო.
გარდა ამისა, Greenpeace-ის ახალი ანალიტიკით, ჩინეთში ქვანახშირის ახალ სადგურებზე ნებართვების რაოდენობა 4-წლიან მინიმუმს აღწევს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ახალ თბოსადგურებზე მოთხოვნას ანელებს.
კერძოდ, 2025 წლის 9 თვეში ჩინეთმა ნებართვები 41.8 გიგავატის სიმძლავრის ახალ თბოსადგურებზე გასცა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახალი ნებართვების გაცემის არსებული ტემპი შენარჩუნდება, წლის ბოლოსთვის ლიცენზიების რაოდენობა, 2021 წლის შემდეგ, რეკორდულად შემცირდება.
Greenpeace-ის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში ქვანახშირის მიმართულებით ინვესტიციამ დაახლოებით $25 მილიარდი შეადგინა, საიდანაც 85% სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებზე მოდის.
ჩინეთმა 2021 წელს აიღო ვალდებულება, რომ 2026-2030 წლებში თანდათანობით შეამცირებდა ქვანახშირის მოხმარებას, თუმცა ქვეყნის ახალი, 2035 წლის სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც სექტემბერში გამოქვეყნდა, ქვანახშირის კომპონენტს საერთოდ არ ითვალისწინებს.




























